„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის უაპელაციო კრიტიკის ნაცვლად, კარგი იქნება, პოლიტიკოსებმა (უპირველესად, - დეპუტატებმა!) სერიოზულად იმსჯელონ და, თუ აუცილებელი იქნება, კორექტივებიც შეიტანონ!“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„პრემიერ-მინისტრს ვუსმენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე და ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, რას ვერ იგებს ზოგიერთი?!
ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან გასაგებად ლაპარაკობს, რატომ არის საჭირო დასაქმების პრობლემის მოგვარება და სათამაშო ბიზნესის მკაცრად რეგულირება!
სოციალური დახმარების მიმღებთა დასაქმებაზე "ობიექტივში" მუშაობისას მეც და სხვებიც კონკრეტული წინადადებებით გამოვდიოდით, ფონდ "ობიექტივის" ფარგლებში ათასობით ადამიანს დავეხმარეთ და ამ საკითხზე ასეულობით სპეციალური გადაცემა მომზადდა, "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკურ პროგრამაში კი საგანგებო ადგილი ეკავა.
სტუმრებთან, მათ შორის მმართველი პარტიის ლიდერებთან და წევრებთან, სოციალური დახმარების მიმღებთა დასაქმების პრობლემაზე საუბრისას ყურადღებას ვამახვილებდით დასაქმების მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე. და ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ დახმარების მიმღებთ სახელმწიფო არ ჩაუსაფრდეს! ხალხი მუშაობას დაიწყებს და შემოსავალს გაიჩენს, თუკი მათ მაშინვე არ მოუხსნიან სოციალურ დახმარებას, როგორც აქამდე აკეთებდნენ (ნაჩუქარი მეორადი ტელევიზორიც კი მძიმე ტვირთი იყო ამ ოჯახებისთვის!). საჭიროა სისტემის შექმნა და იქვე - ინდივიდუალური მიდგომებიც!
ჩემი ერთ-ერთი ინიციატივა იყო სოციალური დახმარების დანიშვნის პროცესში მუნიციპალიტეტის ორგანოების მონაწილეობა, რასაკვირველია, შესაბამისი პასუხისმგებლობით! აქ იგულისხმება დახმარების მიმღებთა მკაცრი აღრიცხვა (მერის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა დეპუტატებმა ძალიან კარგად იციან, ვის სჭირდება დახმარება)!
ასევე, მერიის თანამშრომლებს და მერის წარმომადგენლებს უნდა აღერიცხათ, ვის რა განათლება და სპეციალობა აქვს, ვინ არის დასაქმებული პროფესიით და ვინ - არა! ამ ადამიანების განათლებაში სახელმწიფომ და ოჯახებმა ფული გადაიხადეს და ეს ცოდნა არ უნდა იკარგებოდეს ან უცხო ქვეყნების ეკონომიკის გაძლიერებას არ უნდა ხმარდებოდეს!
რასაკვირველია, სახელმწიფო შიდა და გარე შრომით მიგრაციას ვერ აკრძალავს, მაგრამ ეს ადამიანები უპირველესად საქართველოში უნდა დასაქმდნენ, მათთვის სამუშაო ადგილები აქ უნდა გაჩნდეს!
ახლა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უკვე საქმეს შეუდგა ამ უმძიმესი პრობლემის მოსაგვარებლად. ეს არ არის ერთი მთავრობის ან ერთი პარტიის თავის ტკივილი, ეს მთელი პოლიტიკური სპექტრის უპირველესი საზრუნავი უნდა გახდეს, რადგან ყველას ძალიან კარგად ესმის (ან უნდა ესმოდეს!), რომ მოსახლეობის სიღარიბე პოლიტიკურ პროცესს სერიოზულად აზიანებს, რადგან ადამიანებით მანიპულაციის შესაძლებლობები იზრდება სიღარიბის ზრდის კვალდაკვალ, სოციალური დახმარების მუდმივად მიღება კი სიღარიბეს არ ამცირებს! პირიქით, - ზრდის! ხალხი კიდევ უფრო ღარიბდება, ქვეყანაში კი დოვლათი ვერ იქმნება!
ამიტომ, ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის უაპელაციო კრიტიკის ნაცვლად, კარგი იქნება, პოლიტიკოსებმა (უპირველესად, - დეპუტატებმა!) სერიოზულად იმსჯელონ და, თუ აუცილებელი იქნება, კორექტივებიც შეიტანონ!
კიდევ ერთხელ ვიტყვი:
ხალხის სიღარიბიდან ამოყვანა და ქვეყანაში დოვლათის შექმნა არ არის იოლად და მოკლე დროში მოსაგვარებელი პრობლემა! არც მხოლოდ ერთი მთავრობის ან ერთი პარტიის საქმეა! ეს ყველას საქმეა!“, - წერს მძინარაშვილი.