აშშ მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომელიც 2021 წლის ბრიუსელის სამიტზე დადასტურდა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რიგაში დაგეგმილი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საქართველოსა და უკრაინის წლიური ეროვნული პროგრამები (ANP) დეტალურად აღწერენ წევრობისკენ მიმავალ გზას.
„საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის (EOP) წევრები, რაც აძლიერებს მათ თავსებადობასა და სასწავლო შესაძლებლობებს ნატოს მოკავშირეებთან ერთად“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ნატოს ლიდერები მხარს უჭერენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ალიანსში გაწევრიანების გზას ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც იზიარებს ნატოს ღირებულებებს და აკმაყოფილებს საჭირო ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს.