„საქმეში, რომელიც 9 მილიონი ლარის მითვისება/გაფლანგვას ეხება, ათობით ეპიზოდია და თითოეული ეს ეპიზოდი საკმარისი იქნებოდა მსოფლიოს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომ ქვეყნის ნებისმიერი პირველი პირი, ვინც ამას ჩაიდენდა, აუცილებლად წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე“, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ წევრმა სასამართლო პროცესებზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის დასწრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - ძალიან მნიშვნელოვანია სააკაშვილი პირადად ესწრებოდეს პროცესებს, იმიტომ რომ ასეთ დროს უფრო ადვილია დავინახოთ სინამდვილეში რა პიროვნებასთან და რა ადამიანთან გვაქვს საქმე. როგორც {სლობოდან} მილოშევიჩს პროცესები იხილა მთელმა მსოფლიომ და დარწმუნდა რა სასტიკ დამნაშავესთან გვქონდა საქმე, ასევე თითოეულ ამ პროცესზე ყოველდღიურად გამოჩნდება არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ მისი რეჟიმის სახე და ჩამოეხსნება ფარდა იმ დანაშაულთა კასკადს, რომელიც ამ ადამიანმა ჩაიდინა“, - განაცხადა სუბარმა.