დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ეკოტურიზმის მომავალი სპეციალისტებისთვის, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, დაგეგმილია საველე პრაქტიკები, საინფორმაციო ეკოტურები და საჯარო ლექციები.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ მოაწერეს.
„გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა და ინფორმირება გარემოსდაცვითი მიმართულებით მათი პასუხისმგებლობის და მოვლა-პატრონობის უნარ-ჩვევის განვითარებისთვის“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის, მამუკა თავხელიძის განცხადებით, სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერა საგანმანათლებლო სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით ცოდნის მიღების ხელშეწყობაში.