„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში შშმ პირებისთვის არსებული სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობისთვის ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციისთვის, „112“-თან დაკავშირება უზრუნველყოფილია ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის.
კერძოდ, გადაუდებელ შემთხვევებში, ერთიან სატელეფონო ნომერზე - „112“-ზე მათ შეუძლიათ დაკავშირება მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით, „სკაიპის“ გამოყენებით. აღნიშნული სერვისი უფასოა და ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში.
სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ვებგვერდზე: www.112.gov.ge
შშმ პირებისგან მიღებული შეტყობინების მართვა ხორციელდება ცვლაში მომუშავე ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის დახმარებით.
„112“-ის მობილური აპლიკაცია, რომელსაც აქვს ინიციატორის ლოკაციის განსაზღვრის შესაძლებლობა. აპლიკაცია გახმოვანდა და ადაპტირდა მხედველობის არმქონე პირებისთვის. აღნიშნული სერვისის საშუალებით, უსინათლო მომხმარებლებს შეუძლიათ, გაგზავნონ ჩუმი განგაშის სიგნალი - „SOS“, ჩატის საშუალებით დაუკავშირდნენ ოპერატორს და განახორციელონ ზარი აპლიკაციიდან.