„ეუთო-ში 17 სახელმწიფოა, რომელიც ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დეტალურად იცის ის ვითარება, რასაც ქმნის რუსული ოკუპაცია“, – ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ახლო მეგობართა ჯგუფი ღიად მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ძალისმიერი პოლიტიკა, აგრესია, გაიყვანოს მისი ჯარები საქართველოდან და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
„საქართველოს ეუთო-ში ჰყავს ძალიან აქტიური მხარდამჭერები და ყველაზე ახლო მეგობრების ჯგუფი. ეს არის 17 სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის ძალიან ხმამაღლა, ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და რაც მთავარია, ძალიან დეტალურად არის გათვითცნობიერებული იმ ვითარებაში, რასაც ქმნის რუსული ოკუპაცია. ღიად მოუწოდებს რუსეთს, რომ შეწყვიტოს ეს ძალისმიერი პოლიტიკა, აგრესია, გაიყვანოს მისი ჯარები საქართველოდან, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამასთან, არანაკლებ ყურადღებას უთმობს იმ ჰუმანიტარულ კრიზისსა და დრამას, რასაც საოკუპაციო პოლიტიკა ქმნის ჩვენი მოქალაქეებისთვის მავთულხლართების როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს ჯგუფი განსაკუთრებით აქტიურია არა მხოლოდ განცხადებებით, ისინი არა კოვიდის დროს, საქართველოშიც არაერთხელ იმყოფებოდნენ, აპირებდნენ კიდეც ვიზიტს, ადგილზე, იციან, როგორი ვითარებაა და დღეს უკვე მათი საგარეო მინისტრები სტოკჰოლმში აკეთებენ ძალიან ხმამაღალ განცხადებას, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ეს ისმის ასეთი მაღალი პლატფორმიდან“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.