„2022 წლის ბიუჯეტის ზრდა, ხელფასების 10%-ით ზრდა საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის, ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის გამოყოფილი გაზრდილი თანხები და მშპ-ს ზრდა“, - მთავრობის მეთაურისა და ფინანსთა მინისტრის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია აფასებს.
ვახტანგ ჭარაია პრემიერის განცხადებას 2022 წლის ბიუჯეტის 1 310 000 000 გაზრდას მისასალმებელს და მნიშვნელოვანს უწოდებს.
„2022 წლის ბიუჯეტის ზრდა მისასალმებელია. ამ თანხების გადანაწილება რა თქმა უნდა ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტია და მარტივად, რომ ვთქვათ გემოვნების ამბავია რას გაზრდის და რას არ გაზრდის, მაგრამ საჭიროება ითხოვს იმას რომ ხელფასები გაზრდილი იყოს, განსაკუთრებით ვინც საჯარო სექტორში ვინც მუშაობს დიდ ნაწილს დიდი ხნის განმავლობაში არ გაზრდია ხელფასი“, - აცხადებს ჭარაია.
რაც შეეხება საგარეო ვალის შემცირებას, ექსპერტი ამბობს რომ ეს ძალიან კარგია.
მისივე შეფასებით, საგარეო ვალის შემცირება როგორც საშინაო ასევე საგარეო ასპარეზზე პოზიტიური სიგნალია.
„ეს ძალიან კარგია. იმიტომ რომ პოზიტიური სიგნალია როგორც საშინაო ასევე საგარეო ასპარეზზე, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რომ ზედმეტად არც ვიჩქაროთ და ზედმეტად არც ნელები ვიყოთ. არ ვიცი რამდენად ოპტიმალურია ეს თანხა, რასაც ფინანსთა სამინისტრო მომავალ წელს დაფარავს საგარეო ვალში, მაგრამ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რომ ჩვენი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ისე იყოს დაბალანსებული რომ მან ინფლაციაზე მინიმალური ზეწოლა იქონიოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტრომ მაქსიმალურად ოპტიმალურად გადაანაწილოს ეს თანხები და პლუს ხელი შეუწყოს სხვადასხვა სამინისტროების გავლით ეკონომიკურ ზრდას. მთლიანობაში ბიუჯეტი საკმაოდ დაბალანსებულია. ის რაც აქ არის ჩამოთვლილი სავსებით აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც დღეს საზოგადოებაში დღეს არის“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით, ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ ეს პოზიტიურად აისახება ეკონომიკის ზრდაზე.
„მშპ-ს ზრდა პოზიტიური და საინტერესოა მიღწევაა, უბრალოდ ერთს დავამატებდი, ესეც პოზიტიურად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე, მაგრამ პრობლემა დღემდე სამწუხაროდ არის ინკლუზიურობა, საზოგადოების დაბალი ჩართულობა.
ძირითადად ჩვენი ეკონომიკა გენერირდება სულ რამდენიმე დარგიდან, ეს შეიძლება იყოს საბანკო სექტორი, სხვადასხვა წიაღისეულის მოპოვება, ტურიზმი, რაც სამწუხაროდ მნიშვნელოვნად არის დაკლებული პანდემიის გამო. არეალის გაფართოება გვჭირდება. პრემიერმა აგრეთვე ისაუბრა რომ ინოვაციური და აიტი სფეროში აპირებს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას და ახალი ადგილების ამ სექტორში შექმნას. ეს იქნება ძალიან კარგი და ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიცირების შესაძლებლობას მოგვცემს“, - დასძინა ვახტანგ ჭარაია.