თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ გუშინ წარდგენილ გამგებლობის კანდიდატებს უმრავლესობა მხარს დაუჭერს და რაიონული გამგეობების ხელმძღვანელების საქმიანობა წარმატებული იქნება.
„წარმოდგენილი კანდიდატების ძირითად ნაწილს ზურგს უმაგრებს 4-წლიანი წარმატებული საქმიანობა თბილისის მთავრობაში. რა თქმა უნდა, არიან ახალი სახეებიც. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს ყოფილი წევრებიც დღეს თბილისის მთავრობის წევრებად არიან წარმოდგენილნი. ამის გათვალისწინებით, დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ საკრებულოს უმრავლესობა მათ მხარს დაუჭერს და, მეორე მხრივ, მათი საქმიანობა ძალიან წარმატებული იქნება“, - აღნიშნავს გიორგი ტყემალაძე.
დღეს საკრებულო თბილისის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელობის კანდიდატებს დაამტკიცებს.