საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საზოგადოების წინაშე სააკაშვილის ბოლო რამდენიმე გამოჩენამ ნათლად აჩვენა, რომ ეს ადამიანი არ შეცვლილა. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.
„ჩემი აზრით, ადამიანი, რომელიც არის „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის შემოქმედი, ვერ იქნება ეროვნული თანხმობის მომხრე და ვერ იქნება ამ განზრახვაში გულწრფელი. ეს არის ობიექტური რეალობა. საზოგადოების წინაშე სააკაშვილის ბოლო რამდენიმე გამოჩენამ ნათლად აჩვენა, რომ ეს ადამიანი არ შეცვლილა. იქნება ის პოლიტიკური ლიდერი თუ მსჯავრდებული, მისი განწყობა იქნება იგივე. მან კარგად შეგვახსენა ყველას, რომ ნუთუ არ მოგვენატრა ის დრო, როდესაც ის იყო სახელმწიფოს სათავეში. მე მგონია, რომ უკვე არაერთხელ საზოგადოებამ თქვა, რომ მათ არ მოენატრათ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ მმართველობა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
6 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა მისი განცხადება, რომლითაც მმართველ გუნდს მიმართავს: „უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან, თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“.