logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: პატრიოტულ მიდგომას დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს თბილისს დასაკარგი დრო აღარ აქვს
- +

8 დეკემბერი. 2021. 16:59

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკური კონკურენციის მიუხედავად, შეეცადონ, ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

 

„გუშინ დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა. მინდა, მადლობა გადავუხადო საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, ყველა იმ დეპუტატს, ვინც იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა. რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ის დაპირებები, რომლებიც საარჩევნო პროგრამის სახით არის წარმოდგენილი, ზედმიწევნით შევასრულოთ.

 

გუშინდელ მიმართვაში, ოპოზიციასთან თანამშრომლობის ნაწილში ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ვყოფილიყავით კონსტრუქციული და ეს არ ყოფილიყო ისე, როგორც განვლილი ოთხი წლის განმავლობაში იყო – არანაირი კომუნიკაცია და ურთიერთობა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი განცხადება გავაკეთეთ და ვთქვით, რომ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯს, რომ თანამშრომლობა დავიწყოთ. შესაძლოა, არ გვქონდეს მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ოპოზიციასთან თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხზე, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ერთიანობასა და პასუხისმგებლიან, პატრიოტულ მიდგომას დღეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოდესმე, რადგან ქვეყანას და თბილისს დასაკარგი დრო აღარ აქვს.

 

„მათ ვუთხარით და გულწრფელად მინდა, მჯეროდეს, რომ პოლიტიკური კონკურენციის, სამწუხაროდ, ხშირად დაპირისპირების მიუხედავადაც კი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებიც ეცდებიან, საკუთარი აგური დადონ ამ საქმეში. მქონდა წარმოდგენა, რომ ყველაფრის მიუხედავად, შეძლებდნენ, იყვნენ კონსტრუქციული, რადგან ამ ქალაქის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მათ დაუჭირა მხარი და მისცა შესაძლებლობა, რომ დედაქალაქში მათი ინტერესები დაიცვან და სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ჩაერთონ. შესაძლოა, ამგვარ ერთიანობას, პასუხისმგებლიან, პატრიოტულ მიდგომას დღეს ჩემთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოდესმე, რადგან არც ჩვენს ქვეყანას, არც ჩვენს ხალხს და არც თბილისს დასაკარგი დრო აღარ აქვს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

კახა კალაძის განცხადებით, თანამშრომლობისკენ არაერთი მოწოდების მიუხედავად, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან კვლავ დესტრუქცია და ცილისწამების მცდელობებია.

 

„გუშინ მე, როგორც ქალაქ თბილისის არჩეულმა მერმა, მივმართე თბილისის საკრებულოს დეპუტატებს და ვთხოვე, გავერთიანდეთ ჩვენი ქალაქის, აქ მცხოვრები ნებისმიერი წარმომავლობის, აღმსარებლობის, თუ პოლიტიკური შეხედულების თითოეული ადამიანის ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რისთვისაც თბილისელებმა გამოგვიცხადეს ნდობა, თუმცა, მათი მხრიდან მივიღეთ დესტრუქცია, შეურაცხყოფა, ცილისწამება და მცდელობები, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში. ცხადია, ამის შესაძლებლობას მათ არასდროს მივცემთ, მათ სიცრუეს ყოველთვის მოჰყვება კონკრეტული პასუხები არგუმენტაციითა და ფაქტებით. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება ყველა ოპოზიციონერს. იყვნენ ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ კრიტიკული კითხვები, თუმცა, ჩარჩოებში და შეურაცხყოფის მიყენების გარეშე. დღეს, მას შემდეგ, რაც საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა, სრულიად სხვა განწყობის გამოხატვა, სრულიად სხვა ტექსტის თქმა მსურდა და ვაპირებდი, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან, დავინახე იგივე განწყობა – სიცრუე და დესტრუქციის მცდელობა, რასაც გასული ოთხი წლის განმავლობაში ვხედავდი. ალბათ ეს მოსალოდნელიც იყო. მაინც გეტყვით ჩემს დამოკიდებულებას, ოღონდ ცოტა სხვაგვარად: მიუხედავად იმისა, რომ მე გულწრფელი სურვილი მქონდა და მაქვს, ამ ქალაქის განვითარებაში იყოთ ჩართული და დიახ, თქვენ ამ საზოგადოების რადიკალურ, თუმცა, მაინც განუყოფელ ნაწილს წარმოადგენთ, სამწუხაროდ, ვხედავ, რომ თქვენ კვლავ დესტრუქციის, კვლავ ცილისწამების გზას ირჩევთ. თქვენ ხართ ის ხალხი, იმ გუნდის წარმომადგენლები, ვინც ცხრა წლის განმავლობაში მთელი ქვეყანა ტერორში აცხოვრა და შექმნა ვირტუალური საქართველო, თითქოს, ქვეყანაში ყველაფერი დალაგებული, კარგად იყო და თურმე, არავინ იცოდა, რა ხდებოდა ციხეებში, რა ხდებოდა ბიზნესთან დაკავშირებით, ქონების ჩამორთმევით, ადამიანების მკვლელობებით, გაუბედურებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, დღეს ოპოზიციას წარმოადგენს ძალა, რომლის წარმომადგენელმა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თბილისის ბიუჯეტს 48 მლნ ლარი მოპარა.

 

„თქვენი მინისტრები თანამდებობებზე არაფრით მოდიოდნენ და მილიარდიანი ქონებით გადიოდნენ პოლიტიკიდან. ამ ფულს კი, ისეთი ტრაგედიის ხარჯზეც შოულობდნენ, როგორიც აგვისტოს ომი იყო. სამარცხვინოები ხართ. თქვენ იმ ადამიანსაც წარმოადგენთ, რომელმაც თბილისის ბიუჯეტს 48 მილიონი მოპარა. მაშინ, სხვა გადმოსახედიდან ვუყურებდი თბილისსო, ახლა კი ქუჩიდან ცდილობს დესტრუქციის შემოტანას და რევოლუციაზე ოცნებობს, რათა ისევ გაძარცვოს თბილისელები. გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი სასამართლოთი დამტკიცებული ფაქტებია და არა პოლიტიკური განაცხადი. დღეს, მეგის ქარდავას და თემურ უბირიას თანაგუნდელები, ჩვენ გვეძახით მწამებლებს – აი, ის ხალხი, ვინც ამტკიცებთ, რომ თქვენს ბელად სააკაშვილს არც ერთი დანაშაული არ ჩაუდენია თურმე და ციხეში ტყუილად ზის. ის სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე ჩატარებულ გამოძიებას პიარს ეძახის და რომელიც უტიფრად აცხადებს, რომ არა ათასობით მის ციხეში ნაწამები ადამიანი, არამედ თვითონ არის წამების მსხვერპლი, საწყალი, რადგან საკანში ჯდომა არ შეუძლია და თურმე, ეს მას თრგუნავს. აი, ასეთი უტიფარი, ურცხვი ძალის წარმომადგენლები ხართ თქვენ და როგორც ჩანს, ასეთებად დარჩებით ყოველთვის. აი, ეს ხალხი ითხოვთ ჩვენგან – ვიყოთ იდეალურები. მე ძალიან მარტივად გიპასუხებთ: დიახ, ჩვენ იდეალურები შეიძლება, არ ვართ, მაგრამ ოპტიმალურები ვართ ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონტექსტში. ვიდრე არსებობს თქვენი მსგავსი დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, სამწუხაროდ, იდეალური არაფერი იქნება ამ ქვეყნის პოლიტიკაში“, – მიმართა კახა კალაძემ პოლიტიკურ ოპონენტებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner