დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვის მეშვეობით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და განაცხადა, რომ ადამიანების წამება და კორუფცია მათი ხელწერაა.
„გულწრფელი სურვილი მქონდა და მაქვს, რომ ამ ქალაქის განვითარებაში იყოთ ჩართულნი. თქვენ საზოგადოების რადიკალურ, მაგრამ მაინც, განუყოფელ ნაწილს წარმოადგენთ, თუმცა, ვხედავ, რომ თქვენ კვლავ დესტრუქციის, ცილისწამების გზას ირჩევთ. თქვენ იმ გუნდის წარმომადგენლები ხართ, რომელიც, 9 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყანა ტერორში აცხოვრა და შექმნა ვირტუალური საქართველო, თითქოს, ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყო და თურმე, არავინ არაფერი იცოდა იმაზე, თუ რა ხდებოდა ციხეებში, ბიზნესთან, ქონებების წართმევებთან, ადამიანების მკვლელობებთან, გაუბედურებასთან დაკავშირებით. თქვენი მინისტრები თანამდებობებზე არაფრით მოდიოდნენ და მილიარდიანი ქონებებით გადიოდნენ პოლიტიკიდან. ამ ფულს კი, ისეთი ტრაგედიებითაც კი შოულობდნენ, როგორიც აგვისტოს ომი იყო. სამარცხვინოები ხართ. თქვენ იმ ადამიანსაც წარმოადგენთ, რომელმაც თბილისის ბიუჯეტს 48 მილიონი მოჰპარა. მეგის ქარდავასა და თემურ უბირიას თანაგუნდელები ჩვენ გვეძახით მწამებლებს. თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ამტკიცებთ, რომ თქვენს ბელად სააკაშვილს არცერთი დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში ტყუილად ზის. ეს ის სააკაშვილია, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე ჩატარებულ გამოძიებას პიარს უწოდებს და უტიფრად ამბობს, რომ არა ათასობით, მის ციხეში ნაწამები ადამიანები, არამედ თავად არის წამების მსხვერპლი. საწყალი, თურმე, საკანში ჯდომა არ შეუძლია და ეს მას თრგუნავს. აი, ასეთი უტიფარი, ურცხვი ძალის წარმომადგენლები ხართ თქვენ და, როგორც ჩანს, ყოველთვის ასეთებად დარჩებით. აი, ეს ხალხი, ჩვენგან ითხოვთ, რომ იდეალურები ვიყოთ. დიახ, ჩვენ, შეიძლება, იდეალურები არ ვართ, მაგრამ ოპტიმალურები ვართ ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონტექსტში“, - განაცხადა კალაძემ.