logo_geo
eng_logo
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა მორიგი ზეპირი მოსმენა გამართა
- +

8 დეკემბერი. 2021. 17:41

 

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა, რომელიც მუშაობს საკითხზე „COVID-19 გამოწვევებზე საპასუხოდ, აღმასრულებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების გავლენა ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობაზე“, მეორე ზეპირი მოსმენა გამართა.

 

ამჯერად, თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მთავრობის სხვადასხვა უწყების, დედაქალაქის მერიისა და მისი რაიონული გამგეობების, რამდენიმე რეგიონის წარმომადგენლებს შეხვდნენ, ვინც თემატურად უშუალოდ ჩართულია, კოვიდის პირობებში, მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხებში.

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, თემატური მოკვლევის ჯგუფი, კოვიდპანდემიის დროს, მოსახლეობის სოციალური დაცვის კუთხით აღმასრულებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობას იკვლევს.

 

„აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამა განახორციელა, რამაც, გარკვეულწილად, შეამსუბუქა კონკრეტული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენი კომიტეტი, რომელიც საზედამხედველო ფუნქციითაა აღჭურვილი, ცდილობს შეაფასოს, გააკეთოს ანალიზი, თუ რამდენად ეფექტიანი იყო გატარებული ღონისძიებები, რაზეც საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა. პროცესის შეფასებისა და ანალიტიკის შემდეგ კომიტეტი გასცემს რეკომენდაციებს აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

თემატური მოკვლევის მიზნები და ამოცანები კიდევ ერთხელ განმარტა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით სერგეენკომ და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას, კერძოდ: რა ეკონომიკური უკუგება, შედეგი ჰქონდა მთავრობის მიერ განხორციელებულ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც სოციალური მხარდაჭერის პროგრამებს უკავშირდება; რამდენად სწორად იყო შერჩეული მოწყვლადი ჯგუფები, რომლებზეც განხორციელდა მხარდაჭერა; რა იყო ბარიერები და წინაღობები ამ პროგრამების განხორციელებისას და რამდენად იყო ინფორმირებული მოსახლეობა სოციალური დახმარებების პროგრამების შესახებ.

 

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, თემატური ჯგუფის წევრები უკვე შეხვდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლის დროსაც გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელთა გადაწყვეტა მნიშვნელოვანი იქნებოდა პანდემიის პერიოდში მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის.

 

როგორც მან განაცხადა, ორივე ზეპირი მოსმენის შედეგად მიღებულ მონაცემების ანალიზი გაკეთდება და თემატური ჯგუფი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს. დავით სერგეენკომ იმედი გამოთქვა, რომ დასახული ამოცანების შესრულებას, ერთობლივად, აუცილებლად შეძლებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner