თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, აბსოლუტურად ყველა საქალაქო პარკი ან რეაბილიტირებულია, ან ამჟამად მიმდინარეობს მათი რეაბილიტაცია.
როგორც მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, გარდა ამისა, თბილისის მთავრობას 11 ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა აქვს დაანონსებული და ეს აუცილებლად გაკეთდება, რათა დედაქალაქი კიდევ უფრო მწვანე იყოს.
„ჩვენ ქალაქის მასშტაბით დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. ჭავჭავაძის გამზირი იყო საპილოტო პროექტი, რომლის შესაბამისადაც უნდა განვითარდეს ჩვენი ქალაქი. როდესაც ინფრასტრუქტურაზე ვსაუბრობთ, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ასფალტის საფარის დაგება, არამედ მთლიანი მიწისქვეშა კომუნიკაციები და მთელი სატრანსპორტო პოლიტიკის შესაბამისად დაგეგმარება, როგორც ეს მოხდა ჭავჭავაძის გამზირზე. თქვენ იცით, რომ ქეთევან წამებულის, წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, მელიქიშვილის, რუსთაველის გამზირები ჩვენი მომდევნო წლების გეგმაა. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლება. აბსოლუტურად ყველა საქალაქო პარკი ან რეაბილიტირებულია, ან ამჟამად მიმდინარეობს იქ რეაბილიტაცია. გარდა ამისა, 11 ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა გვაქვს დაანონსებული და ეს აუცილებლად გაკეთდება, რათა ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მწვანე იყოს. მიმდინარეობს მეტროს მოდერნიზაცია, ტაქსების რეფორმა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება, ზონალური პარკირება - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი კონცეფციის შემადგენელი ნაწილია. გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი მიღწევა ისაა, რომ დღეს ზუსტად ვიცით, როგორ ვითარდება ქალაქი. ჩვენ მივიღეთ გენერალური გეგმა, რომლის შესაბამისადაც, ზუსტად ვიცით, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქალაქი უახლოესი 10-12 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ტყემალაძემ.