„ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები პოლიტიკურად მიკერძოებულია“, - ასეთია მმართველი პარტიის წევრის, შალვა პაპუაშვილის შეფასება. მისი თქმით, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი რადიკალურ ოპოზიციასთან არის აფილირებული. მისივე განმარტებით, ეს გამოჩნდა, მათ შორის იმ სამართლებრივ საქმეებზე, სადაც „ემპათია“ ექსპერტის სტატუსით იყო ჩართული. პაპუაშვილი ამბობს, რომ მათ მიერ გაკეთებული არცერთი განცხადება გამოძიების მიერ არ დადასტურდა
„ცენტრი „ემპათია“ და განსაკუთრებით მისი ხელმძღვანელი, პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევა. იმ გამოცდილებით, რაც ჩვენ გვაქვს, მათ შორის შაქარაშვილის საქმეზე, მათი საექსპერტო მოსაზრება იყო, რომ შაქარაშვილი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში დაჰყავდათ სხვადასხვა ადგილას. ასევე, ამბობდნენ, რომ ის რეალურად უფრო გვიან გარდაიცვალა, ვიდრე გამოძიება ამას ამტკიცებდა. საბოლოო ჯამში, დადასტურდა, რომ მათი საექსპერტო მოსაზრება იყო აბსოლუტური სიყალბე და ამ სიყალბით მაშინ ისინი ხელს უწყობდნენ იმ ნარატივს, რომელიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მღელვარება შემოეტანა საზოგადოებაში. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის „ნაცმოძრაობის“ სტილი - პიროვნული ტრაგედიები გამოიყენონ იმისთვის, რომ რამენაირად დაზაფრონ საზოგადოება და ხელოვნური მღელვარება გამოიწვიონ, ცენტრი „ემპათია“ კი მათი საექსპერტო მოსაზრებებით ცდილობდა ხელი შეეწყოთ ამისთვის.
ვხედავთ ასევე მათ პოლიტიკურ განცხადებებს, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით. მათ აქვთ გაკეთებული განცხადება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად არჩევნების კრიტიკის კუთხით, ისე, რომ მათ საერთოდ დამკვირვებლებიც არ ჰყოლიათ ამ არჩევნებში და არანაირი უშუალო წარმოდგენა არჩევნებთან დაკავშირებით არ ჰქონიათ. მათ თავიანთი ხელმოწერით, უბრალოდ გააბევრეს არასამთავრობო ორგანიზაციათა რაოდენობა, რომლებმაც ეს განცხადება გააკეთეს.
ცალსახაა, რასაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, ცენტრ „ემპათიას“ და მისი ხელმძღვანელის ქცევა სცდება ყველანაირ სამედიცინო ეთიკას; ეს გახლავთ დრამატიზება პაციენტის მდგომარეობის, ეს გახლავთ დაზაფრვა ოჯახის, საზოგადოების და გახლავთ პირდაპირ ცრუ ინფორმაციის გავრცელება და შეფუთვა თითქოსდა საექსპერტო მოსაზრებებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
4 დეკემბერს ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, „რისი არაადეკვატური გამოყენებაც ფასდება, როგორც ფარმაკოლოგიური წამება“.