logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: არანაირი შერიგების მიზანი ოპოზიციას არ გააჩნია, მათ სურთ ერთი რამ - მიხეილ სააკაშვილის დახსნა მართლმსაჯულებისგან
- +

14 დეკემბერი. 2021. 15:33

 

„ოპოზიციას სურს ერთი რამ - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და დახსნა მისი მართლმსაჯულებიდან, ეს არის მიზანი. არანაირი შერიგების და პოზიტიური დღის წესრიგის შექმნის, საქმეზე ლაპარაკის მიზანი ამ ხალხს არ გააჩნია. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ პროაქტიულ და პოზიტიურ რეჟიმზე გადავიდეთ და ეს მცდელობა წარუმატებელი არ დარჩება, ამის გარანტიას ვაძლევ ყველას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მამუკა მდინარაძემ შერიგების იდეაზე ისაუბრა.

 

„მავანთ სურთ, დაიხატოს ისეთი სურათი, რომ ისინი შერიგების ასეთი დიდსულოვანი და კეთილშობილური იდეით გამოვიდნენ და ჩვენ, ცუდები, რომლებსაც არც შენდობის და არც პატიების უნარი არ გაგვაჩნია, ამაზე ვამბობთ უარს. ეს მესიჯი არის არა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, არამედ გარე მოხმარებისთვისაც, რომ თითქოს, საქართველოში ოპოზიციამ, განსაკუთრებით, ისეთმა დიდსულოვანმა ხალხმა, როგორიც „ნაცმოძრაობაა“, შესთავაზა „ქართულ ოცნებას“ შერიგება და მიიღო უარი.

 

სინამდვილეში ხდება ერთი მარტივი რამ: ერთ დღეს რომ ღმერთი გაუწყრეთ და სიმართლე თქვან - ყველაფერი ვცადეთ, ყველაფერი ვიკადრეთ, ყველაფერი გაკადრეთ, რომ ეს ქვეყანა აგვეყირავებინა, მოგრეოდით, ვერ მოგერიეთ და ახლა ავაფრიალეთ თეთრი დროშები - ეს არის. მარტივი ამბავია, რომ ყველაფერი იკადრეს, რომ სიტუაცია არეულიყო თავისი ყოფილი პრეზიდენტის და დამნაშავის ქვეყანაში ჩამოსვლით, მაგრამ ამანაც ვერ იმოქმედა და ახლა, როდესაც დარწმუნდნენ, რომ ეს ხალხს არ აღაშფოთებს, რაც ხდება, რომ თითქოს მისი პატიმრობა არის უკანონო, მეტიც - პოლიტიკური, ეს არ არის საკმარისი ხალხის აღშფოთებისთვის და ახლა დაგნებდით და მოდი, შევრიგდეთ და გვაპატიეთ - ამ სიტყვასაც არ გამოვიყენებთ.

 

ვთავაზობ - ორი კვირა მაინც მოითმინონ, თუ მოხდება ისე, რომ მათი ტელევიზიები, თავადაც, ტყუილს არ იტყვიან, არაფერს დააბრალებენ. მათი ტელევიზიები ისე ფსკერზე ჩავიდნენ, რომ ვის რა ფეხსაცმელი აცვია, იმას დასდევენ და ოღონდ, იქაც იტყუებიან. ხომ ჩავიდნენ ფსკერზე და ფსკერიდანაც იტყუებიან. 1-2 კვირა აბა, სცადოს ვინმემ, რომ არ მოიტყუოს, არ დააბრალოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ფრაქციის თავმჯდომარემ ისაუბრა შარლ მიშელის შეთანხმებაზეც.

 

„ხომ არ გავიხსენებდით, რომ 100 დღის განმავლობაში, „ნაცმოძრაობამ“ საერთოდ ხელი არ მოაწერა შეთანხმებას. იმასაც ხომ არ გაიხსენებდით, რომ ამ შეთანხმების თანახმად, გასულები ვიყავით, მაგრამ უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმა გავატარეთ, გარკვეული ცვლილებები მივიღეთ სასამართლოსთან დაკავშირებით. ნიკა სამხარაძეს დღეს რომ ვიღაცები ხმაშეწყობილად აბრალებენ ტყუილების ლაპარაკს, ცოტა პოპულისტურად ხომ არ გეჩვენებათ თქვენი კანონპროექტები? ვითომ გაბრაზდნენ დღეს ოკუპაციის ხარისხზე. ერთხელ არ უხსენებიათ ამ რეზოლუციის ავტორებს, დღეს დავარეგისტრირეთო, ამბობდნენ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში წერია ის, რაც რეზოლუციაში ჩაწერეს ახლა, მეორე რეზოლუციას დააინიცირებენ და ეს პოპულისტური სვლები უნდა იყოს დღის წესრიგის შემქმნელი. ერთხელ არ უხსენებიათ ამ წლების განმავლობაში, რომ საქართველოს კონსტიტუციაში წერია საქართველოს კურსის შესახებ. აქედან გამომდინარე, მოდით, ჯერ სახელი დავარქვათ ყველაფერს და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ დანარჩენ მოცემულობაზე, ვინ და რამ უნდა შექმნას დღის წესრიგი, ტყუილმა თუ სიმართლემ, ვინ და რამ უნდა შექმნას დღის წესრიგი - სიკეთემ თუ ბოროტებამ, თავისი სახელის დარქმევამ ყველაფერზე თუ მოგონილი ნარატივით ცხოვრების მცდელობამ, არევამ და თუ არ გამოგივა, შემდეგ, დანებებამ და შერიგების დიადი მიზნის გაჟღერებამ. რამ უნდა შექმნას დღის წესრიგი? აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ როდესაც ვინმე საკუთარ თავზე მაღლა დადგება, იმ ხალხიდან, რომელიც ტყუილების ნარატივით ცდილობს ამ დღის წესრიგის შექმნას, რომელზეც მე ვსაუბრობდი და იტყვის სიმართლეს, პატიებას სთხოვს, მაგალითად, იმ ათი ათასზე მეტ ადამიანს, რომლებმაც ვითომ გაიღვიძეს და საკუთარი ქონების და ბიზნესის ჩუქება მოინდომეს სახელმწიფოზე, აი ისინი თუ აპატიებენ, მერე ჩვენც ვიფიქრებთ, ვაპატიოთ თუ არა და ე.წ. შევურიგდეთ თუ არა. და თუ ამას ვერ შეძლებენ და ვერ დადგებიან საკუთარ თავზე მაღლა და დანაშაულს დაარქმევენ სამშობლოს სიყვარულს, რასაც ახლა წინა დღეების განმავლობაში აკეთებს და აკეთებდა ყოფილი დამნაშავე პრეზიდენტი, ხაზს ვუსვამ ამას, მაშინ ეს ყველაფერი ხალხისთვისაც მარტივი და იოლი გასაგები იქნება, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმი და არანაირი შერიგება. მათ უნდათ ერთი რამ - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და დახსნა მისი მართლმსაჯულებიდან. ეს არის მიზანი. არანაირი შერიგების მიზანი და არანაირი პოზიტიური დღის წესრიგის შექმნის მიზანი და ამავე დროს, საქმეზე ლაპარაკის მიზანი ამ ხალხს არ გააჩნია, სამწუხაროდ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ პროაქტიულ და პოზიტიურ რეჟიმზე გადავიდეთ და ეს მცდელობა წარუმატებელი არ დარჩება, ამის გარანტიას ვაძლევ ყველას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner