„თუ ვინმე მოახერხებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიტორიკა და დამოკიდებულებები შეცვალოს, დანაშაული აღიაროს და პოლიტიკიდან გავიდეს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ შერიგების მცდელობა წარმატებულია - არ მგონია, ვინმე ამის შემძლე იყოს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის განხორციელება ინკლუზიური პროცესის დაწყების თაობაზე ძალიან რთულად წარმოუდგენია, რადგან „ამ ადამიანების ბუნებას კარგად იცნობს“. „ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, პრეზიდენტს აქვს უფლება, მაქსიმუმი სცადოს იმისთვის, რომ პოლიტიკური მოცემულობა გაუმჯობესდეს და ვითარების დეესკალაცია მოხდეს, თუმცა „რესურსები ამოწურვადია და ყველაფერს რესურსი არც ერთ ადამიანს, მათ შორის პრეზიდენტსაც არა აქვს“.
„შერიგებასთან დაკავშირებით ჩემეული ფორმულა ასეთია: ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა ყველა უმძიმესი დანაშაული უნდა აღიარონ, რაც წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, მედიის მიტაცების და ბიზნესის რეკეტის ჩათვლით ჩაიდინეს და რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკოსების ადგილი პოლიტიკაში არ არის. ეს უნდა აღიარონ! ამის შემდეგ შეიძლება შერიგებაზე საუბარი დაიწყოს. ვიდრე დამნაშავეებს, კრიმინალებს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია აქვთ, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. „ნაციონალური მოძრაობას“ ღირსება რომ ჰქონდეს, პოლიტიკიდან გავიდოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.