პარლამენტმა „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო. ცვლილებების პროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.
საკითხის ერთ-ერთი ინიციატორის, კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ცვლილებების მომზადება კოდექსის კიდევ უფრო სრულყოფამ და მასში ცალკეული დებულებების ასახვამ განაპირობა. რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს - მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ეძლევა, საკუთარი შეხედულების შესაბამისად, უარი თქვას საკრებულოს კომისიის წევრობაზე. მომხსენებლის შეფასებით, ცვლილებები საკრებულოს თავმჯდომარეებს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობების უკეთ განხორციელებაში ხელს შეუწყობს და მისი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური გახდება.
სხდომაზე სოზარ სუბარმა კოდექსში შესატან მეორე ცვლილებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტის მსგავსად, მუნიციპალიტეტის საკრებულოებში უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებები შემოდის.
კომიტეტის წევრებმა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.