„მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ფეისბუქ-პოსტმა მისი განცხადებების ფარისევლობა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუმცა, ჩვენ ამაში ეჭვი არც მანამდე გვეპარებოდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რეალობას აცდენილია და მთავარი პრობლემა სწორედ ამაშია.
„2012 წლიდან მოყოლებული მათ 8 არჩევნები წააგეს და არ ყოფილა არც ერთი არჩევნები, როცა ისინი შეეგუვნენ იმ აზრს, რომ მოქალაქეებმა მათ მიანიჭეს ოპოზიციის როლი და არა ხელისუფლების. აქედან გამომდინარე, ეს 9 წელია მუდმივად ცხოვრობენ პარალელურ პოლიტიკურ რეალობაში. სწორედ ეს იწვევს მთავარ პრობლემას. საერთო ჯამში, „ნაციონალურ მოძრაობას“ კონფლიქტი არა აქვს „ქართულ ოცნებასთან“, მას კონფლიქტი აქვს ქართველ ხალხთან და სახელმწიფოსთან. როგორც კი ისინი ამ რეალობას დაუბრუნდებიან, აღიარებენ საქართველოს მოსახლეობის ნებას, კანონსა და სასამართლო გადაწყვეტილებებს, იმავე წუთას, ყველა ეს საკითხი, რაც პოლარიზაციას შეეხება, თავისთავად გადაწყდება, რადგან ყველაფერი მოექცევა კანონისა და დემოკრატიის კალაპოტში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.