საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირკალი სესიაშვილი ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას მიესალმება.
როგორც სესიაშვილმა 2030.news-ს განუცხადა, ლევან იზორია არის ძალიან ღირსეული მოღვაწე, ერთ-ერთი გამორჩეული იურისტი.
„ყველაფერთან ერთად, ლევანი არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ძალიან კარგი ანალიზის გაკეთება. ძალიან კარგად ფლობს სიტუაციას და, რაც მთავარია, ეს არის კაცი, რომელიც მუდმივად არის მოწოდებული, იფიქროს და განახორციელოს რეფორმები. მას ისეთი ხასიათი აქვს, რომელიც გამოარჩევს ბევრისგან. ამ თვალსაზრისით, ის რამდენიმე ნაბიჯით წინაც კი არის რიგ შემთხვევებში. მე შემიძლია, გითხრათ, რომ მთელი რიგი რეფორმების პროცესში, რაც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, უსაფრთხოების სამსახურში, თუ სხვა მიმართულებით, ლევანი იყო ერთ-ერთი ძალიან ძლიერი გენერატორი. ამ თვალსაზრისით, დარწმუნებული ვარ, რომ ლევან იზორია იქნება სწორედ ის მინისტრი, რომელიც შეავსებს თავდაცვის სამინისტროს, გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ხელს შეუწყობს ამ ყველაფერს ძალიან საჭირო რეფორმებით, რომელთა აუცილებლობის წინაშეც დღეს თავდაცვის სამინისტრო რეალურად დგას",-აღნიშნა სესიაშვილმა.
რაც შეეხება ლევან იზორიას დანიშვნასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას, რომ იზორია უშიშროების კადრია, აგრეთვე თემას ე.წ. ნარუშილოვკების შესახებ, სესიაშვილი ამ კრიტიკას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.
„ვიღაცას ფორმები არ მოსწონს. მე მთლიან შინაარსზე ვარ ორიენტირებული. შეიძლება, კარგი პოლიტიკოსი იყო და საქმეში ვერ ივარგო. შეიძლება, კარგი საქმის გამკეთებელი იყო და ამ შემთხვევაში, იმ საქმეში, რასაც ჰქვია ქვეყნის თავდაცვის უწყების მართვა, გაცილებით ეფექტური იყო. ამიტომ, ეჭვი არ მეპარება, რომ რაც შეეხება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, თავდაცვის უწყებაში შეიარაღებულ ძალებში რეფორმების გატარებას, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებას, ლევან იზორია ძალიან მოქნილი და ეფექტური იქნება. ეს წინასწარი კრიტიკაა და ამ ყველაფერს უფრო მეტად ვუკავშირებ წინასაარჩევნო მოცემულობას, ვიდრე იმას, რომ ეს შეიძლება რაიმე სახით იყოს ობიექტური მიდგომები ლევანის კანდიდატურასთან მიმართებაში. 4 წელი პარლამენტში ვიყავი, ლევანი მუდმივად იყო წარმომადგენელი ხან შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხან უსაფრთხოების კუთხით ჩვენს კომიტეტთან, რომელიც სხვადასხვა მოხსენებას აცნობდა კომიტეტს. ძალიან გამჭვირვალედ მუშაობს, ძალიან კომპეტენტურია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რეფორმების მართლაც გამორჩეული გენერატორია და მივესალმები სწორ არჩევანს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. დანარჩენ საქმეში, რა თქმა უნდა, ჩვენი კომიტეტი გვერდში დაუდგება",- განაცხადა სესიაშვილმა.