„მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ დაბრუნდა საქართველოში და პოლიტიკური არასტაბილურობის გაღვივებას უწყობს ხელს, რაც საჭირო არაა“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვენი პარტნიორების გარკვეული ნაწილი სააკაშვილს ამ ქმედებებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებდა, თუმცა ექსპრეზიდენტმა მათ არ მოუსმინა.
„სააკაშვილის შიმშილობა ძალიან ცუდ იმიჯს იძლევა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, რომელიც უკრაინის მოქალაქე გახდა, დღესაც უკრაინელია. ის უკანონოდ დაბრუნდა ამ ქვეყანაში და პოლიტიკური არასტაბილურობის გაღვივებას უწყობს ხელს, რაც საჭირო არაა. ჩვენი პარტნიორების გარკვეული ნაწილი მას ამ ქმედებებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებდა, მან არ მოუსმინა. შესაბამისად, ეს ძალიან ცუდია, ძალიან ცუდად ჩანს. ყველაზე ცუდი, ყველაზე პრობლემური დღეს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციაა და ეს მოვლენა მხოლოდ ამძაფრებს პოლიტიკურ პოლარიზაციას. ამიტომ, ჩემი თვალსაზრისით, ეს ქცევა არ იყო პასუხისმგებლიანი, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა“, - აცხადებს პრეზიდენტი.
მან ასევე ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და აღნიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმა ODIHR-ის რეკომენდაციებს ეყრდნობოდა.
„მე არ ვფიქრობ, რომ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებები უარყოფითი იყო, პირიქით. საარჩევნო ადმინისტრაციამ და საარჩევნო რეფორმამ, რომელიც მას უძღოდა წინ და, უფრო მეტიც, ODIHR-ის რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა, გამოიღო შედეგი და საარჩევნო ადმინისტრაციამ, პირიქით, მოწონება დაიმსახურა. მთავარი ის კი არ არის, არჩევნებმა ცუდად ჩაიარა თუ არა, არამედ ის, რომ არჩევნების მიუხედავად, შარლ მიშელის ძალისხმევის მიუხედავად, უკიდურესი პოლარიზაციის მდგომარეობაში ვრჩებით. გირჩევთ, მოუსმინოთ გამოსვლას, რომელიც ჩავწერე დემოკრატიის სამიტისთვის და რომელშიც, იმ ვალდებულებებს შორის, რომელსაც საქართველო იღებს ამ სამიტის ბოლოს და რომელიც კიდევ ერთხელ არის მართლმსაჯულების, საარჩევნო რეფორმის გაგრძელება და გაღრმავება. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება, და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება. ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.