,,ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან სწორად დავგეგმეთ ის ნაბიჯები, რომლებსაც ახლა ვდგამთ. მადრიდის სამიტი ალბათ ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება ამისთვის, რომელიც შეეხება ჩვენს მეტ ინტეგრაციას და ნატოსგან უფრო მეტ პრაქტიკულ დახმარებას და ამავე დროს, უფრო პოლიტიკურ ჩართილობას”,- ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო.
„ეს ვიზიტი სწორედ იმ საკითხებს შეეხებოდა, რომელიც მეტ ინტეგრაციას, პრაქტიკულ ნაბიჯებსა და პოლიტიკურ დახმარებას გულისხმობს ნატოს მხრიდან. მეტი ნატო საქართველოში ნიშნავს მეტ ჩართულობას. იქნება მეტი წვრთნები. ასევე ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც განაგრძობს მუშაობას. ეს კონტაქტები და კომუნიკაცია ბევრ რამეზე მეტყველებს, რადგან ეს არ არის შემთხვევითი“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
მისივე თქმით, იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საქართველო მადრიდის სამიტზე ისე იქნება წარმოდგენილი, როგორც საჭიროა.
„მეორე ალბათ ის, რომ არავის არა აქვს უფლება განსაზღვროს, გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი. ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო განცხადებები გაკეთდა. საქართველო ნატოს ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა და საქართველო დღესაც მზადაა გახდეს ნატოს წევრი, - ამას ყველა აღიარებს. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ამაზე არავინ დაობს“, - განაცხადა დოლიძემ.