,,სამიტის დოკუმენტმა ასოცირებული ტრიო ევროპის პოლიტიკურ რუკაზე დასვა, აღიარა ამ ფორმირების არსებობა და ბუნებრივია, უაღრესად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ სამომავლოდ განვავითაროთ შესაბამისი მიმართულებები, ის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენთვის და ევროკავშირისთვის საინტერესო იქნება”, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ასოცირებული ტრიოს ფორმაცია არ არის ერთადერთი მიღწევა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაკეთდა კიდევ ევროკავშირის ერთიან ბაზაზე დაშვებისა და შემდგომი საბოლოო ინტეგრაციის მიმართულებით, რამეთუ ეს არის ის მექანიზმი, რომელიც ჩვენ პირდაპირ დაგვაახლოებს და შესაძლებლობას მოგვცემს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
ეს არის ის გზა, რომელსაც გადიან კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რომელიც ჩვენ გაგვიხსნის ე.წ. ოთხ თავისუფლებას. ის ფორმულირება, რომელიც დაფიქსირდა დეკლარაციაში (ევროკავშირის ერთიან ბაზაში გაწევრიანების მიმართულებით) ვფიქრობ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს სამომავლო მიზანი განსაზღვრული, რისთვისაც ჩვენ ვიმუშავებთ და გადავდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ამისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ როგორც ასოცირებული შეთანხმების იმპლემენტაცია, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაცია“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.