,,თუ დაკომპლექსებული იქნები, რომ ნებისმიერი საფრთხის გაჟღერებაც არ შეგიძლია, იმიტომ რომ ვიღაცამ პრორუსულობა არ დაგაბრალოს, ეს ხელს შეგვიშლის სწორი პოლიტიკის განხორციელებაში”, -ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში მოვლენები რადიკალურად იცვლება და მნიშვნელოვანია ჩვენი რეაქცია იყოს ადეკვატური.
„მინდა ხაზი გავუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს, რომელიც საგარეო პოლიტიკის სწორად დაგეგმისათვის, ჩვენი გეოპოლიტიკური სიტუაციისა და ჩვენი მდგომარეობის ქვეყნისათვის არის აუცილებელი. აქ არის ერთ კომპლექსზე საუბარი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიხსნათ. ეს კომპლექსი თავის დროზე შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც იბრალებდა, რომ მხოლოდ ის არის პროევროპული ორიენტაციის და მხოლოდ მისი მისწრაფებაა ნატოსკენ მისწრაფება და აქ შეიქმნა ერთი კომპლექსი - ნებისმიერი საფრთხის აღიარების პრორუსულობად გასაღების ტენდენცია.
იმის გამო, რომ ვიღაცამ პრორუსულობა არ დაგაბრალოს, ამიტომ მაქსიმალურად დავაიგნოროთ და არც კი გავბედოთ როგორმე საფრთხეზე საუბარი?! მე ვგრძნობდი, რომ ეს ძალიან დიდი კომპლექსი „ქართულ ოცნებაში“ იყო. ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპლექსი მოვიხსნათ. სად არის იმ პროევროპული ადამიანის ადგილი, რომელსაც საფრთხის გათვალისწინება უნდა და არ არის ეს მისი პრორუსული ორიენტაციის რაღაც კომუფლიაჟი?!, - განაცხადა რომან კაკულიამ.