ლონდონის მერის, სადიკ ხანის განცხადებით, ბოლო პერიოდში ქალაქში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციამ საგრძნობლად იმატა, რამაც მალე შესაძლოა, საავადმყოფოების გადატვირთვა გამოიწვიოს. მისი თქმით, დედაქალაქში ახალი შტამი „ომიკრონი“ ინფიცირების დომინანტი ვარიანტი გახდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სადიკ ხანის განცხადებით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ჩატარებული განხილვების შედეგად, ბრიტანეთის დედაქალაქში ე.წ. მნიშვნელოვანი ინციდენტის სახის საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღეს.
ლონდონის მერის მიერ გამოცხადებული მდგომარეობა ითვალისწინებს ადგილობრივი ხელისუფლებისა თუ ჯანდაცვის უწყებების მხრიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას. ასევე, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში გადაუდებელმა სამსახურებმა და საავადმყოფოებმა, გადატვირთვის გამო ნორმალური ფუნქციონირება შესაძლოა, ვერ შეძლონ.
ბრიტანეთის დედაქალაქის მერის თქმით, გასულ 24 საათში ლონდონში კორონავირუსის 26 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.