,,როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აღიარებს ხალხის ნებას, სამართლის უზენაესობას, დასრულდება პოლარიზაცია და შეთანხმებაც არ იქნება საჭირო”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რთულია, შეთანხმებაზე ილაპარაკო პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც არის ანტიდემოკრატიული, რადგან არ აღიარებს დემოკრატიას და არის კანონს მიღმა, რადგან არ აღიარებს კანონის უზენაესობას.
„გავიხსენოთ, რომელი განაჩენი აღიარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განაჩენებს, არ აღიარა ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, ბაჩო ახალაიას და სხვების წინააღმდეგ განაჩენები. საერთოდ, ვინმეს წინააღმდეგ განაჩენი აღიარეს? „ნაციონალური მოძრაობის“ დაახლოებით 15 ლიდერის წინააღმდეგ არსებობს სისხლის სამართლის საქმეებზე ძალაში შესული განაჩენები და რამდენიმე ათეულია, ასე ვთქვათ, წამყვანი თანამდებობის პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სხვადასხვა დანაშაულისთვის, მაგრამ მათ არც ერთი განაჩენი არ უღიარებიათ. ამიტომ, იმ შემთხვევაში და იმ მომენტშივე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აღიარებს ხალხის ნებას, ანუ დემოკრატიას და კანონის ნებას, სამართლის უზენაესობას, დასრულდება პოლარიზაციაც და იქ უკვე შეთანხმებაც არ იქნება საჭირო, ყველა ეს საკითხი თავისთავად მოწესრიგდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.