„სააკაშვილს რომელი ღირსება შეელახა? უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ადამიანებს ნანახი - სახურავზე კარლსონივით და თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცველი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სააკაშვილთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, გლდანის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროება „ღირსების შემლახავია“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ უწყება არ გაასაჯაროვებდა კადრებს, იქნებოდა საფუძველი სპეკულაციების გაგრძელებისთვის.
„საბოლოო ჯამში, თქვენ ნახეთ მთლიანობაში, კადრები, ჩანაწერები გავრცელდა ჩვეულებრივად. ათასგვარი უტრირებული განცხადებები იყო, მათ შორის წამება. ღიმილისმომგვრელი განცხადებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით. იყო წინააღმდეგობა, რომელიც გასწია პატიმარმა, წინააღმდეგობის გაწევის პირობებში მოუწია სასჯელაღსრულების დაწესებულებას მოქმედება.
რაც შეეხება კადრების გამოქვეყნებას, შეგახსენებთ, რომ მისი პოლიტიკური პარტიის და ამ პარტიასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ეს კადრები დადებულიყო, რაც სააკაშვილთანაც იქნებოდა ბუნებრივია, შეთანხმებული. მისი პარტია თავისი ტელევიზიებით კატეგორიულად ითხოვდა ამ კადრების გასაჯაროვებას, რაც გაკეთდა.
მისი პარტია ითხოვდა გასაჯაროვებას და პლიუს ამას დაემატა საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც შეიქმნა. მთლიანობაში იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ეს არის ოფიციალური მიზეზიც.
ხელოვნურად, თუ როგორც იყო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი შეიქმნა. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო უწყება არ გაასაჯაროვებდა ამ კადრებს, იქნებოდა საფუძველი სპეკულაციების გაგრძელებისთვის. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი იყო რა, სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნქცია რა არის, რომ საზოგადოება არ შეაყვანინოს არავის შეცდომაში. ამისთვის მოხდა კადრების გასაჯაროვება, რომელი ღირსება შეელახა რეალურად?“ - აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, სააკაშვილი ადამიანებს უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ნანახი.
„ერთადერთი რაც გასაჯაროვდა იყო ის თუ როგორ უწევს წინააღმდეგობას სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს, როგორ უწევთ ძალის გამოყენება და ა.შ. ასეთი კადრები სხვადასხვა პირის მიმართ ხშირად საჯაროვდება და ამას არ მოჰყოლია არასდროს არანაირი რეაქცია.
რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტი ვიღაცამ იხილა ასეთ მდგომარეობაში, მე შეგახსენებთ, რომ ეს, იგივე ყოფილი პრეზიდენტი უამრავმა ადამიანმა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ იხილა სახურავზე კარლსონივით, იხილა თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცველი. აქცენტი გადაჰქონდათ რაზე იცით? – „პრეზიდენტი არ უნდა დაინახოს ასე ადამიანმა“ და ამაზე უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ნანახი ადამიანებს, ქართველებს და არამარტო ქართველებს მიხეილ სააკაშვილი, როდესაც თმებით ათრიეს“, - განაცხადა კობახიძემ.