logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: რეგიონში არსებული ურთულესი გამოწვევების გათვალისწინებით, სამიტი გახლდათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მნიშვნელობა
- +

20 დეკემბერი. 2021. 20:08

 

„15 დეკემბერს ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო რამდენიმე ფაქტორის გამო: უსაფრთხოების კუთხით ჩვენს რეგიონში არსებული ურთულესი გამოწვევების გათვალისწინებით, თავად სამიტი გახლდათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მნიშვნელობა. ამასვე ადასტურებს სამიტის დეკლარაციაც და ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას. სამიტის მნიშვნელოვანი შედეგი იყო ასევე, ასოცირებულ ტრიოზე გაკეთებული განსაკუთრებული აქცენტები, რაც სამიტის დეკლარაციაშიც აისახა“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 

მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, საქართველოს ინიციატივით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, იმისთვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, ასოცირებული ქვეყნების ევროინტეგრაციის ამბიციები და მიზნები მეტად ყოფილიყო გათვალისწინებული.

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავის შემდგომ, ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში აქტიური მსჯელობები მიმდინარეობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით. ევროკომისიის მიერ შემუშავდა რამდენიმე დოკუმენტი, აღმოსავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობების პერსპექტივებზე. ისიც უნდა ითქვას, რომ სამომავლო გეგმებზე მუშაობის პარალელურად, იყო გარკვეული სკეპტიციზმი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 2021 წლის სამიტი თვისი არსით კიდევ უფრო დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი გახლდათ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

მისი თქმით, სამიტის მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად იქნა გამოყენებული საპარლამენტო თანამშრომლობის შესაძლებლობები და პარტნიორებთან თანამშრომლობით, მიღებული ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს გზავნილი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების ლიდერებისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner