ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ შტამი და უკვე ვაქცინირებული ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირების ინფიცირება შეუძლია.
„თანმიმდევრული მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი. უფრო სავარაუდოა, რომ ვაქცინირებული ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები დაინფიცირდნენ ან ხელახლა დაინფიცირდნენ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.