logo_geo
eng_logo
ჰანს კლუგე „ომიკრონის“ გავრცელებაზე: ახალი შემთხვევების კიდევ ერთი ქარიშხალი შეიძლება ვიხილოთ
- +

22 დეკემბერი. 2021. 00:09

 

 

„ომიკრონი“ შტამის გავრცელების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ევროპის სახელმწიფოები გააფრთხილა, კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდისთვის მოემზადონ და გამაძლიერებელი დოზების ფართოდ გამოყენება ურჩია.

 

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის, სულ მცირე, 38 ქვეყანაში გამოვლინდა და უკვე დომინანტურია რამდენიმე მათგანში, მათ შორის დანიაში, პორტუგალიასა და გაერთიანებულ სამეფოში.

 

„კორონავირუსის ახალი შემთხვევების კიდევ ერთი ქარიშხალი შეიძლება ვიხილოთ. კვირების განმავლობაში, „ომიკრონი“ ევროპის რეგიონის უფრო მეტ ქვეყანაში დომინანტური გახდება, რაც უკვე გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემებს კიდევ უფრო დააწვება“, - აღნიშნა ჰანს კლუგემ.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის თქმით, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა „ომიკრონისგან“ ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვაა.

 

ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებით, ადრეული მონაცემები ცხადყოფს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზა „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცვის აღდგენას უწყობს ხელს.

 

25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

 

26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner