logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტი: დღეს კობა დავითაშვილი რომ აქ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ის ეროვნული თანხმობის პროცესის ამ წამოწყებაში ჩემს გვერდით იქნებოდა
- +

23 დეკემბერი. 2021. 02:54

 

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც 7 ნოემბერს კობა დავითაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა,  სახელმწიფო ჯილდო დღეს კობა დავითაშვილის ოჯახს გადასცა.

 

ორბელიანების სასახლეში გამართულ ცერემონიაზე მოწვეულნი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სისტემის მსხვერპლად იქცნენ.

 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი ინიციატივით წამოწყებულ ეროვნული თანხმობის პროცესს ხშირად შერიგებას უწოდებენ, ამ სიტყვას იყენებენ უფრო იმისთვის, რომ დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ ეს შეუძლებელია. ეს პროცესი ეკუთვნის საზოგადოებას და ის არ არის პოლიტიკური პარტიების პროცესი.

 

,,ჩემთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ემოციურია, რამეთუ დღეს ჩვენ გვინდა, რომ პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელიც ისტორიული ფიგურა, ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლი იყო.

 

სწორედ ამ დღეს, 30 წლის წინ დაიწყო სამოქალაქო ომი და ჩვენი ისტორიის ძალიან მძიმე ფურცლები. ეს ყველაფერი იმას უნდა გვახსენებდეს, რომ არაფერი არასოდეს არ არის მიღწეული ბოლომდე და ყველაფერი, პირველ რიგში, დამოკიდებულია ადამიანებზე, პიროვნებებზე და სწორედ ეს ძალიან გვაკლია დღეს. რაც დრო გადის სამაგალითო პიროვნებები, რაღაცნაირად ხელიდან გვეცლება, ეს ახალი თაობისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს და მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ეს უპირატესობა, რადგან მამათქვენი თქვენთვის ძალიან დიდი მაგალითია და შეგიძლიათ ამით იამაყოთ.

 

მე ძალიან მინდოდა,  რომ დაჯილდოების დღე ყოფილიყო მაშინ, როცა საზოგადოების იმ ნაწილთან მექნებოდა შეხვედრა, რომელიც იმ პერიოდის მსხვერპლია, რომელის იარები ჯერ არ არის მოშუშებული და საჭიროა, სხვანაირად დავასრულოთ ჩვენი ისტორიის ეს ფურცელი.

 

ეროვნული თანხმობის ის პროცესი, რომელიც ჩემი ინიციატივით იწყება უალტერნატივო და აუცილებელია ამ ქვეყნისთვის, თუ მისი მომავალი გვადარდებს და გვაინტერესებს. 

 

ეს პროცესი უთქვენოდ არ იქნება და ეს არ იქნება არავითარ შემთხვევაში თქვენი დავიწყებით. ამავე დროს, ეს არ არის რაღაც სტერილური რევანშის დაწყება, იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ამის რესურსიც აღარ გააჩნია.

 

ჩვენ უნდა მოვნახოთ ის ოქროს შუალედი, რომელიც იქნება სიმართლის დადგენა და რაც  ყველა ქვეყანას და ყველა თაობას სჭირდება. ჩვენ თუ არ ვიცით რა არის სიმართლე, რა არის ჩვენი ისტორია, მაშინ წინ ვერ მივდივართ და საქართველოს პრობლემა არის ის, რომ ჩვენ, ჩვენი ისტორიის ბოლო სამი საუკუნის არცერთ ფურცელზე არ გვაქვს შეთანხმებული გაგება და გააზრება. და მე ვარ ამის ნათელი მაგალითი: აღვიზარდე იმ ემიგრაციაში, სადაც ნახევარი თვლიდა, რომ მეორე ნახევარმა დაკარგა საქართველო - და დღესაც არ ვიცით, ვისი რა წვლილი იყო ამაში, რაც შეიძლება გარდაუვალი იყო, ან არ იყო. ანუ, ამ ყველაფრის ზუსტი შეფასება არ არსებობს, შემდეგი პერიოდებიც ასეთივე ბუნდოვანებითაა მოცული და ყოველ ჯერზე დაპირისპირების საგანადაა ქცეული, რადგან ჩვენ არ მივდივართ ამ გააზრების პროცესის ბოლომდე, რომელიც მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი პროცესია.

 

ეს პროცესი მოიცავს სიმართლის რაღაც დონემდე დადგენას, ეს არ არის რაღაც მითიური გაერთიანება, მითიური შერიგება, ამ სიტყვას ხმარობენ, მე არ მიხმარია და ხმარობენ უფრო იმისთვის, რომ დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ შეუძლებელია.  ეს პროცესი ეკუთვნის საზოგადოებას, ეს არ არის პოლიტიკური პარტიების პროცესი, მათ ექნებათ თავიანთი ადგილი ამ პროცესში, როცა ამის დრო მოვა. მე თუ ვხვდები დღეს პირველ რიგში პოლიტიკურ პარტიებს, ეს იმისთვის, რომ მათ ავუხსნა ეს, რომ არ ვაპირებ, ვეცადო მათ შორის მივაღწიო რაღაც შერიგებას. მე რეალურად სიტყვისა და გარკვეული ნდობის გარდა არანაირი სხვა რესურსი არ გამაჩნია.

 

მე ვაპირებ, რომ საზოგადოებისგან წამოსული ძლიერი მოთხოვნა იყოს ის მიმართულება, რაც შემდეგ ეტაპებზე პოლიტიკურ პარტიებს აიძულებს გაითვალისწინონ, რაც ამ საზოგადოების დღევანდელი განწყობაა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, რომ ასე დაპირისპირება არ შეიძლება, რომ ეს პოლარიზაცია მხოლოდ ჩვენ გვავნებს და გვასუსტებს.

 

ამ ყველაფრის თქმა მინდოდა სწორედ დღეს კობა დავითაშვილის დაჯილდოებაზე.

 

ის იმ პერიოდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, და დღეს რომ აქ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ის ამ წამოწყებაში ჩემს გვერდით იქნებოდა, რომელიც ვიცი, რომ რთული, გრძელვადიანი და რისკიანია და არ ვარ დარწმუნებული, რომ მივაღწევ შედეგს, მაგრამ ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ამ პროცესზე მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი და შემდგომ თუ რამე არ გამოვიდა, არავის ბრალს არ დავდებ.

 

თქვენ კი, მხნეობას, გამძლეობას და კობა დავითაშვილის ღირსად ყოფნას გისურვებთ“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

კობა დავითაშვილის მეუღლემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, კობა დავითაშვილის თანამებრძოლეებს, მეგობრებსა და ქართველ ხალხს,  მისი გულშემატკივრობისათვის, გამხნევებისა და იმედისათის, რომელიც მას სიცოცხლისა და   უკეთეს ქვეყანაში ცხოვრების ძალას აძლევს.

 

,,კობა აქტიურად ჩაერთო 1988 წლიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ყველანაირად ცდილობდა  თავისი კომპეტენცია, თავისი განათლება გამოეყენებინა ქვეყანაში საკანონმდებლო სივრცის განვითარებისათვის. შემდეგ სამწუხაროდ აფხაზეთის ომი დაიწყო და იყო აფხაზურ-ქართული კონფლიქტის მონაწილე. შემდეგ წარმატებული საადვოკატო კარიერა მიატოვა და დადგა ქვეყნის სამსახურში. იყო ოთხგზის მოწვევის პარლამენტის წევრი, ორჯერ იყო ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, და ცდილობდა, რომ უკეთესი ქვეყნისთვის, უკეთესი ბაზა შეექმნა.

 

სამწუხაროდ, ვარდების რევოლუციის შემდეგ ის იძულებული გახდა ოპოზიციაში გადასულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ იყო თვალთვალი, ზეწოლა, თავდასხმები მაინც მოახერხა, რომ სამართლიანობისათვის ბრძოლა კანონის ჩარჩოდან არ გამოსულიყო.

 

მე ყველაზე დასაფასებლად სწორედ ეს მიმაჩნია დღეს. იყო კანონმორჩილი მოქალაქე და ჩემი შვილებიც როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები ისე აღზარდა და მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ დღეს“, - განაცხადა ინგა ბიწაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner