„ბრაზილიის გოიასიის შტატში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, პირველი ქართული მარანი „Lorangi” გაიხსნა და ქვევრის გახსნის ცერემონია გაიმართა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციას და ქვევრიდან დაეგემოვნებინათ ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინო.
„ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების და მარნების მიერ დამზადებული ქართული ღვინოები. საქართველოს, ქართული კულტურისა და ტრადიციების პატივსაცემად გაიხსნა მემორიალური კედელი საქართველოს დროშის გამოსახულებით.
საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, ბრაზილიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, აგრეთვე, საქართველოთი და ქართული კულტურით დაინტერესებული პირები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.