„მიხეილ სააკაშვილის კორუფციული საქმიანობა ხელის გულზე დევს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.
„როცა სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი, მან შეავსო დეკლარაცია, რომელშიც აისახება, რა ქონების მფლობელი ხარ, რამდენი გაქვს საბანკო ანგარიშებზე, მუთაქაში ან სეიფში ნაღდი ფული. 2004 წელს მისი ქონება იყო 123 000 ლარი. ერთი 94 000 ლარად შეფასებული 2-ოთახიანი ბინა პეროვსკაიას ქუჩაზე, „სოსიეტე ჟენერალში“ 9500 ევრო და რამდენიმე ათასი ლარი „თიბისი ბანკში“. მეტი სხვა შემოსავალი, არც მას, არც ქალბატონ გიულის და არც სააკაშვილის მამას. ლექციებს კითხულობდა დედა, მამა იყო ექიმი, თვითონ კი იყო ავანტიურისტი. 2012 წელს მისი დეკლარირებული ქონება იყო 1 265 000 ლარი, შემოსავლები კი 600 000. შესაბამისად, კიდევ 600 000 ლარი დაუსაბუთებელი ქონება იყო. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. თანაც, მისივე მიღებული კანონით, მტკიცების ტვირთი იყო მის მხარეს. ეს მუხლი გამოიყენა სააკაშვილმა შევარდნაძის დროინდელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რათა მათთვის ქონება წაერთვა.“ - ამბობს ჯონდი ბაღათურია.