კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს პარლამენტში 2019-2020 წლების ანგარიშის წარდგენისას, მედია კრიტიკის პლატფორმასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს უპასუხა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, მედია კრიტიკა აკრიტიკებს ყველას ვინც არღვევს ჟურნალისტურ სტანდარტს და ე.წ ხელოვნური ბალანსის დაცვა არ არის მედია კრიტიკის ამოცანა, მისი ამოცანაა საზოგადოებას შესთავაზოს კვალიფიციური , პროფესიული მედია კრიტიკა.
„ზედაპირულად თუ შევხედავთ, რომელი არხი რამდენჯერ არის გაკრიტიკებული, შესაძლოა დისბალანსი ნამდვილად დაინახოთ. კონკრეტულმა ერთმა ტელევიზიამ თუ დაარღვია პირობითად 100-ჯერ სტანდარტი და იმავე დროის შუალედში მეორე არხმა დაარღვია 10-ჯერ, ვინც 100-ჯერ დაარღვია, ის მეტჯერ იქნება კრიტიკის ობიექტი და ეს ძალიან ბუნებრივია. დამოუკიდებელი მედია კრიტიკა რომ საჭიროა, ეს არ არის ჩვენი სუბიექტური აზრი, ამას ვებ-გვერდის მომხმარებლების რაოდენობა აჩვენებს. ერთ წელიწადში მედია კრიტიკას 300 ათასი უნიკალური ვიზიტორი და მილიონი მკითხველი ჰყავდა. 2021 წელს ეს მონაცემები კიდევ გაზრდილია ბუნებრივია. რაც შეეხება მედია კრიტიკის საშუალებით ცენზურაზე საუბარს, ეს რეალობას მოკლებულია ვინაიდან
მედია კრიტიკას ცენზურის არც სურვილი და არც სამართლებრივი მექანიზმი არ გააჩნია, ცენზურაზე საუბარი გამორიცხულია, ვინაიდან ადგილი აქვს მხოლოდ მედიის პროფესიულ კრიტიკას“,- განაცხადა კახა ბექაურმა.
კომისიის თავმჯდომარემ, ასევე მედია აკადემიის დაფინანსებაზე და საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მედიაწიგნიერების და მედია აკადემიის ხარჯები ისეთივე გამჭვირვალეა, როგორიც კომუნიკაციების კომისიის.
„აიპი „მედია აკადემია“ არ ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს და არ არის ადმინისტრაციული ორგანო. მასზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, თუმცა, გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი მედია აკადემიამ დასაწყისშივე თავისი საქმიანობის პრინციპად აირჩია და ინფორმაციის კომუნიკაციების კომისიის სტანდარტით გასცემს“, - განაცხადა ბექაურმა.