logo_geo
eng_logo
საქართველოს პროკურატურის პროკურორი, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნულ აკადემიაში სასწავლო კურსს გაივლის
- +

29 დეკემბერი. 2021. 20:13

 

 

„საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორი შოთა კაკულია, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნულ აკადემიაში მოსამზადებელ კურსს გაივლის“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნული აკადემია აშშ-ისა და საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანოების პროფესიონალებისთვის სასწავლო ინსტიტუტს წარმოადგენს. აღნიშნული სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს სამართალდამცავ უწყებებში მართლმსაჯულების ადმინისტრირების გაუმჯობესებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კურსის მიზანია სამართალდამცავი სისტემის მუშაობის სტანდარტების დახვეწა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობის გაუმჯობესება.

 

სასწავლო კურსი დატვირთულია სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული საკითხით. პროგრამა, ასევე, კურსის მონაწილეთა ფიზიკურ მომზადებას ითვალისწინებს.

 

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლის აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნული აკადემიის სასწავლო კურსში მონაწილეობის პირველი პრეცედენტია, რაც მომავალშიც გაგრძელდება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და გაძლიერებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner