logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მეცნიერება, კულტურა, ცოდნა და შემოქმედება არის ის, რაც დღეს გვაერთიანებს, ამიტომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის
- +

29 დეკემბერი. 2021. 22:23

 

 

„საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა“, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ინფორმაციას ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ლაურეატებს სახელმწიფოს მიერ მათი შრომისა და ღვაწლის აღიარება მიულოცა, კომისიის თავმჯდომარეებსა და წევრებს კი. თავდაუზოგავი შრომისათვის მადლობა გადაუხადა.

 

„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო კომისიის თავმჯდომარეებსა და წევრებს მათ მიერ გაწეული ძალიან დიდი შრომისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ამ პროცესის მიმართ არანაირი კითხვა არ არსებობდეს.

 

მეცნიერება, კულტურა, ცოდნა და შემოქმედება - ეს არის ის, რაც დღეს გვაერთიანებს და ამდენად, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ დარგებისთვის რაში გაიცემა ეს პრემიები, არამედ სახელმწიფოსთვის, ამიტომ ვფიქრობ, რომ სამომავლოდ კიდევ უნდა ვიფიქროთ თუ როგორ მივცეთ კიდევ მეტი წონა ამ პრემიებს, რათა კიდევ უფრო გამყარდეს ამ პრემიების მნიშვნელობა.

 

ეს პრემიები მართლა შევა ჩვენს ისტორიაში, როგორც სახელმწიფოს მიერ თითოეულ დარგში ამ ადამიანების ღვაწლის ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი.

 

ეს თითოეული ნომინანტის პატივისა და ნდობის ნიშანი და მათი შემოქმედების და შრომის ძალიან დიდი აღიარებაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

2020 წელს საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ: ალექსანდრე შენგელაიას - ნაშრომთა ციკლისათვის „მაღალტემპერატურული ზეგამტარებისა და დაბალგანზომილებიანი მაგნეტიკების ექსპერიმენტული კვლევა“; გიორგი კვესიტაძეს, გია ხატისაშვილსა და თინათინ სადუნიშვილს - ნაშრომისათვის „დეტოქსიკაციის ბიოქიმიური მექანიზმები უმაღლეს მცენარეებში, ფიტორემედიაციის საფუძველი“.

 

2021 წელს საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ: თედო გორგოძესა და ნოდარ ხორბალაძეს - სამეცნიერო-საცნობარო ნაშრომისათვის „ოფიცრის ატლასი“; რამაზ ქაცარავას, დავით ტუღუშსა და ვახტანგ ბერიძეს - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის „პოლიმერული ბიომიმეტიკები - ცილების ანალოგები მრავალპროფილიანი გამოყენებისათვის - დიზაინიდან კომერციალიზაციამდე“.

 

ხოლო 2021 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭათ: მაყვალა გონაშვილს - ლექსების კრებულისათვის „ძახილი“, ორტომეული; თეიმურაზ გოცაძეს - მონუმენტური ფერწერული კომპოზიციისათვის „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე; ვახტანგ კახიძეს - მუსიკალური ნაწარმოებისათვის „საშობაო ტრილოგია“ მამაკაცთა და ბიჭუნათა გუნდებისა და სიმფონიური ორკესტრისათვის; ომარ ნაფეტვარიძესა და გიორგი ჯაფარიძეს - არქიტექტურული ნაწარმოებისათვის „ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი“; რაულ ჩილაჩავას - ლექსების კრებულისათვის „ბედის ფორმულა“, შვიდწიგნეული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner