,,მორწმუნენი ვართ, თუ ურწმუნონი, როდესაც თუნდაც ამქვეყნიურ ჩვენს უკეთეს მომავალზე ვფიქრობთ, აუცილებლად წამოიჭრება მრავალი კითხვა, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ დავძლიოთ სიღატაკე, უმუშევრობა, დევნილთა პრობლემები, როგორ აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა?”, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.
„მაგრამ, ასევე, წამოიჭრება სხვა კითხვებიც, რომლებიც მუდამ აწუხებდა კაცობრიობას: რატომ დავიბადეთ? რატომ ვკვდებით? ვინ მოგვცა სიცოცხლე? რა არის იგი? რისთვის ვართ მოწოდებულნი? რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით გვმართებს ფიქრი, მაგრამ ამ ეპისტოლეში იმ თემებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც სულიერ სფეროს მოიცავს და ღვთისკენ სავალი გზების ძიებაში დაგვეხმარება“, - აღნიშნულია ეპისტოლეში.