„მივესალმები წალენჯიხაში საერთო ოპოზიურ შეთანხმებას და საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" წევრის, კორნელი სალიას არჩევას. ამით წალენჯიხაში არსებული კრიზისი გადაილახა და მერის ხელახალი არჩევნები თავიდან იქნა აცილებული“, - ასე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი წალენჯიხის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს. შესაბამისი განცხადება მიხეილ სააკაშვილის Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„ჩვენი პარტიის წარმომადგენელი გია ხარჩილავა რჩება წალენჯიხის მერად და ითანამშრომლებს ყველა წალენჯიხელთან და ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან. მოვუწოდებ ქართულ ბიზნესებს, მაქსიმალურად გადარეგისტრირდნენ გადასახადების გადამხდელად წალენჯიხაში, ერთადერთ ადგილას საქართველოში, სადაც „ოცნებამ“ ადგილობრივი ხელისუფლების უზურპაცია ვერ მოახდინა. მივბაძოთ ტელეკომპანია „მთავარ არხს“ და მამუკა ხაზარაძეს, რომელთაც ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს!“, - წერს სააკაშვილი.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი კორნელი სალია აირჩიეს, ის ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას წარმოადგენს და ამ თანამდებობაზე ერთადერთი დასახელებული კანდიდატურა იყო.