რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ახალგაზრდებს შეხვდა. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერმა დეტალურად ისაუბრა, იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რომლებიც ახალგაზრდების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, მერიის მიერ დაიგეგმა და ხორციელდება.
როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, თითოეული პროექტი, რომელიც ახალგაზრდების არაფორმალური განათლების, კულტურის, სპორტისა და ხელოვნების განვითარების მიმართულებით დაიგეგმა ან მომავალში დაიგეგმება, სწორედ მათი უშუალო ჩართულობით განხორციელდება.
,,ქალაქში მიმდინარე პროექტებზე ვისაუბრეთ, ასევე ხაზი გავუსვით და დეტალურად შევეხეთ იმ პროექტებს, რომლებიც უშუალოდ ახალგაზრდებს ეხება. მე მათ პირობა მივეცი, თითოეული ამ ტიპის პროექტი მხოლოდ მათი ჩართულობით, მათი ინიციატივებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით განხორციელდება“, განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერმა ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და პროგრამებზეც დეტალურად ისაუბრა.
,,დღეს სწორედ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი თემები განვიხილეთ. მათ გავაცანი, როგორც ახალი მედიათეკის მშენებლობის, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის პროექტები, ვისაუბრეთ სპორტის, კულტურის მიმართულებაზე და განათლების ხელშეწყობაზე. ჩვენ ბაკალავრიატის სტუდენტებს ვაფინანსებთ, პროგრამაში შევიტანეთ ცვლილება და წელს დაფინანსდება, როგორც მაგისტრატურა, ასევე დოქტორანტურაც. გვაქვს ახალი - სკოლის მოსწავლეთა წახალისების პროგრამა, ვინც ოქროს მედალზე დაამთავრებს სკოლას, 500 ლარიან ფულად წახალისებას მიიღებს რუსთავის მერიისგან“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ნინო ლაცაბიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტუდენტებისთვის სტაჟირების ახალი პროგრამა იწყება.
,,რუსთავის მერიაში სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას ვიწყებთ. ეს იქნება ერთ თვიანი ძალიან ინტენსიური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდები შეძლებენ მერთან და სამსახურებთან ერთად, ერთ თვის განმავლობაში ჩაერთვნენ ქალაქში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებში. მათ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია, რას აკეთებს რუსთავის მერია, რა გეგმებია მომავალში და რა თქმა უნდა, კარიერულადაც დაგეგმავენ თუ მათთვის მისაღები იქნება, ადგილობრივ დონეზე მუშაობის დაწყებას“, - განაცხადა რუსთავის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში.