პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე ინფორმაციას აბსურდს უწოდებს. როგორც ანრი ოხანაშვილმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა, ამ ტყუილით „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართული ოცნების“ პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა.
„ეს იყო მორიგ პროვოკაცია, რადგან სტატუსურად და სამართლებრივად პირის დაზარალებულად ცნობა არ მომხდარა, ეს იყო აბსურდი და ეს თავადაც კარგად იცოდნენ. თუ იცოდნენ, რომ რამდენიმე საათში ეს გამოაშკარავდებოდა, მაშინ საინტერესოა ამ პრიმიტიულ ტყუილს რა დანიშნულება შეიძლებოდა ჰქონოდა. ეს იყო პროვოკაციული ნაბიჯი, იქნებ „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრი პროვოკაციაზე წამოეგოთ და რომელიმეს ეთქვა, რომ როგორ დაუშვა ეს უკრაინის მხარემ. ამას მერე ასე თარგმნიდნენ - ნახეთ, უკრაინა ასეთ მძიმე ვითარებაშია და იერიში მიაქვთო და დაგვაბრალებდნენ, რომ თურმე ეს იქნებოდა რუსული ინტერესის გატარება. ამ პროვოკაციას არავინ წამოეგება, ჩვენ გავაანალიზეთ და ეს ტყუილი გამოვააშკარავეთ, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.