საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილული საქმეების და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციის მიზნით გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
როგორც ნათია მერებაშვილმა განაცხადა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ინსტიტუტის 11-წლიანი არსებობის მანძილზე, 2021 წელს ყველაზე ბევრი - 15 სისხლის სამართლის საქმე განიხილა, მათგან განზრახ მკვლელობით (სსკ-ის 108-ე მუხლი) დაკვალიფიცირებული იყო 6 სისხლის სამართლის საქმე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობით (სსკ-ის 109-ე მუხლი) დაკვალიფიცირებული იყო 6 სისხლის სამართლის საქმე. გარდა ამისა, მსაჯულთა სასამართლომ განიხილა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და არაადამიანური მოპყრობის (სსკ-ის 333-ე და 144-ე ტერცია მუხლები) და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სისტემატიური ძალადობის (143-ე და 11 126-ე მუხლები) საქმეები.
გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის უფრო ეფექტიანად მუშაობის მიზნით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წელს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა, რომელთა მიზანია პროცესების დროულად და დაბრკოლების გარეშე ჩატარება.
ანგარიშის წარდგენისას ნათია მერებაშვილმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებისა და პოპულარიზაციისთვის უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საზოგადოებისთვის მასებამდე მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.
როგორც ნათია მერებაშვილმა განაცხადა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2021 წლის დეკემბერში საქართველოს პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს აქტიური ხელშეწყობით კამპანია - ,,გახდი ნაფიცი მსაჯული“ დაიწყო. კამპანიის მიზანია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. კამპანიის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ვიდეორგოლები, რომლებშიც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საუბრობენ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. სოციალური ხასიათის აღნიშნული ვიდეორგოლები სხვადასხვა მედიასაშუალებებში იქნა გავრცელებული. საქართველოს 7 დიდ ქალაქში (თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში) განთავსდა სარეკლამო ბანერები ცნობადი სახეების გამოსახულებითა და კამპანიის მთავარი სლოგანებით. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებსა და თოქ-შოუებში. კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა ფეისბუქ-გვერდი "მე ნაფიცი მსაჯული ვარ".
,,კამპანია 2022 წელსაც გაგრძელდება და ინტენსიურ ღონისძიებებს მოიცავს, რომელთა მთავარი დანიშნულება იქნება ინსტიტუტის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, რათა მსაჯულთა მონაწილეობით სასამართლო პროცესები მომდევნო წლებში დაბრკოლებების გარეშე, საზოგადოების აქტიური ჩართულობით განხორციელდეს“- აღნიშნა ნათია მერებაშილმა.
გენერალური პროკურორის მოადგილემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართულებით პროკურორთა გადამზადების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და 2021 წელს ჩატარებული სწავლების შესახებ ისაუბრა.
„საქართველოს პროკურატურა მიმდინარე წელსაც გააგრძელებს სხვადასხვა საჭირო მიმართულებების განვითარებას, ნაფიცი მსაჯულების სასამართლო პროცესზე პროკურორების მიერ სახელმწიფო ბრალდების სათანადო წესით მხარდაჭერისა და არსებული გამოწვევების გამკლავების მიზნით“ - განაცხადა ნათია მერებაშვილმა.