logo_geo
eng_logo
ბაკურ აბულაძე: საქართველოს პროკურატურა ტრანსნაციონალური დანაშაულების გამოძიების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ უწყებებთან აქტიურად თანამშრომლობს
- +

17 თებერვალი. 2022. 20:32

 

„საქართველოს პროკურატურა ტრანსნაციონალური დანაშაულების გამოძიების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარტნიორ უწყებებთან და ასევე, საქართველოს მოკავშირე პროკურორის ჩართულობით ,,ევროჯასტის“ წევრ ქვეყნებთან აქტიურად თანამშრომლობს“, - განაცხადა საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ გენერალური პროკურატურის 2021 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას.

 

ანგარიშის ფარგლებში, ბაკურ აბულაძემ ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეების ანალიზთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ წყაროს ე.წ. ,,პრედიკატს“ თაღლითობა წარმოადგენს, რაც ეროვნული რისკის შეფასების დოკუმენტშიც აისახა.

 

"რიგ შემთხვევებში, დანაშაულებრივად მოქმედი პირები საქმიან ნდობაში შედიან ფიზიკური პირებისა თუ კომპანიების წარმომადგენლებთან და თითქოსდა ბიზნეს ან საინვესტიციო დანიშნულებით, მოტყუებით არიცხინებენ თანხებს მათ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე მათი შემდგომი ლეგალიზაციის მიზნით" - განაცხადა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ.

 

მისი თქმით, ფულის გათეთრების არაერთი საქმე უკავშირდება თაღლითური დანაშაულების ისეთ შემთხვევებს, როდესაც კრიმინალური მანიპულაციისა და მოტყუების მსხვერპლად უბრალო მოქალაქეები გვევლინებიან.

 

„გარკვეულ შემთხვევებში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის პრედიკატულ დანაშაულად გვევლინება კიბერდანაშაული, რაც განპირობებულია ციფრულ ტექნოლოგიებზე საზოგადოების მზარდი დამოკიდებულებით. ასევე, ფულის გათეთრების საქმეთა უმეტესობა საბანკო სექტორის სერვისებსაც უკავშირდება“ - განაცხადა ბაკურ აბულაძემ.

 

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეების გამოძიებისას მთავარ გამოწვევად რჩება საგამოძიებო უწყებების მიერ პარალელური ფინანსური გამოძიების და ფინანსური დაზვერვის ინფორმაციის გამოყენების ხარისხის გაზრდა ფულის გათეთრების გამოვლენის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით.

 

ბაკურ აბულაძის თქმით, საქართველოს პროკურატურაში ფულის გათეთრების საქმეების ეფექტიანი გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის 2021 წელს არაერთი სწავლება ჩატარდა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

 

„საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სწორედ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. დანაშაულებრივი სქემისა და მონაწილე პირების გამოვლენაში ჩართულია არაერთი ქვეყნის, მათ შორის გერმანიის, ისრაელის და სხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებები, რომლებთანაც ერთადაც საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა დროს ფართომასშტაბიანი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შედეგადაც ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენა და დაკავება განხორციელდა“ - განაცხადა ბაკურ აბულაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner