ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ქოლ-ცენტრების საქმესთან კავშირზე საუბრობს. არეშიძე მიიჩნევს, რომ კეზერაშვილი პოლიტიკაში არ უნდა იყოს ჩართული.
„ასეთი პირები პოლიტიკაში არ უნდა მონაწილეობდნენ. ეს არის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ავსტრალიიდან შეერთებულ შტატებამდე, ჩართულია სხვადასხვა ტიპის არაკანონიერ ქმედებაში - იარაღით ვაჭრობა იქნება ეს, სათამაშო ბიზნესის კულუარული მხარე თუ ეს ქოლ-ცენტრები, რაც ახლა განსაკუთრებით სკანდალურია“, - აცხადებს არეშიძე.
„ე.წ. ქოლცენტრის დანაშაულებრივი ფუნქციონირებისთვის შეიქმნა ათეულობით ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საბანკო ანგარიშებზე. ე.წ. ქოლცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფლის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით“, - განმარტავს პროკურატურა.