„საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს. მან მინისტერიალის ფარგლებში არაერთი მაღალი დონის, მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან, ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალ რობ ბაუერთან, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და ა.შ. ხოლო ალიანსის წევრი ქვეყნებისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძე სიტყვით გამოვიდა“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, ნატო ღია კარის პოლიტიკის ერთგულია და ურყევად დგას პოზიციაზე, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი:
„მინისტერიალის ფარგლებში ცალსახად გაეცა კითხვას პასუხი, რა სურს საქართველოს და რა სურს ნატოს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს სუვერენიტეტს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს და ხაზგასმით აცხადებს, რომ გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველო ნატოს გადასაწყვეტია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მესამე მხარე ვერ ჩაერევა! ნატო ღია კარის პოლიტიკის ერთგულია და ურყევად დგას პოზიციაზე, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი!
ბოლო დროს საქართველოში ოპოზიციური პარტიების მხრიდან საქართველოს მთავრობის არჩეული კურსის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს, რაც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ნატოს მინისტერიალში მონაწილეობის დროს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით და ხმამაღლა დაადასტურა, საქართველო საკუთარი არჩევანის ერთგულია, არჩევანის რომელიც ნატოს და ევროპის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს! ჯუანშერ ბურჭულაძის და ირაკლი ღარიბაშვილის პერსონა გვაძლევს გარანტიას, რომ ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზას საქართველო ღირსეულად გაივლის, ჩვენ ნატოს წევრი სრულფასოვანი ქვეყანა გავხდებით! ნატოს წევრობა ძლიერთა ხვედრია, ხვედრი რომელიც განგებამ საქართველოს არგუნა!“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.