უცხო ქვეყნის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ღონისძიებებში ჩართვასთან დაკავშირებით, ცესკო-მ ადმინისტრაციული წესით სამართალწარმოება დაიწყო. საარჩევნო ადმინისტრაცია, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს სწავლობს. საუბარია „ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვის ჩვენებაზე. რაც არასამთავრობოების შეფასებით აგიტაციაა. თუმცა, ამ ფაქტს ნაც. მოძრაობაში კანონდარღვევად არ მიიჩნევენ.
საარჩევნო პროცესის დამკვირვებელი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ განცხადებაზე საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხს ელოდება. დაარღვია თუ არა მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო კოდექსი, როდესაც ის ნაც. მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიისას, ამომრჩევლებს სიტყვით მიმართავდა. ერთ-ერთი განცხადების ავტორი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. ამ მუხლით, უცხო ქვეყნის მოქალაქის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა აკრძალულია. ორგანიზაციის შეფასებით, ნაც. მოძრაობის შეხვედრების დროს ნაჩვენები სააკაშვილის ვიდეო მიმართვები სწორედ წინასაარჩევნო აგიტაციას წარმოადგენს.
ანა ნაცვლიშვილი: საარჩევნო აგიტაცია პირდაპირ არის აკრძალული საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლით, ვინაიდან სააკაშვილი წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეს. მე მაქვს დიდი იმედი, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არ აარიდებს თავს ამ საკითხის განხილვას, იმოქმედებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მსგავსად, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებსაც მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო აგიტაციის წესს არღვევს. გარდა ამისა, ორგანიზაცია სააკაშვილს კიდევ ერთ, ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენებასაც ედავება. სამართლიანი არჩევნები რეაგირებას ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ელოდება. კომისიამ უკვე დაიწყო ადმინისტრაციული წესით სამართალწარმოება.
ანა მიქელაძე: განცხადებით მოთხოვნილი იყო, წინასაარჩევნო აგიტაციის ფაქტის შესწავლა და მიხეილ სააკაშვილისთვის ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენების გამო პასუხისმგებლობის დაკისრება. ცესკომ აღნიშნული განცხადება, კანონმდებლობის მიხედვით, გადაუგზავნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილ პირებს.
სააკაშვილის თანაპარტიელები წინასაარჩევნო კამპანიისას მათი ლიდერის ვიდეო მიმართვების ჩვენებას, წინასაარჩევნო აგიტაციად არ მიიჩნევენ. ნაც. მოძრაობაში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საკუთარ აზრს გამოხატავს და საარჩევნო კოდექსს არ არღვევს.
საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის 4-ე ნაწილში მითითებულია ჩამონათვალი, ვის ან რომელ ორგანიზაციას თუ დაწესებულებას, შეზღუდული აქვს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. ვ-ე ქვეპუნქტში კი წერია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ან ორგანიზაციას, ამ პროცესში მონაწილეობა საერთოდ ეკრძალება.
გიორგი ვოლსკი: ქვეყანა დაანგრია, ადამიანები დახოცა, აწამა, ღირსება წაართვა და ტერიტორიები დაკარგა და 2000 ლარიანი ის რომ დაუშვა რა არის სააკაშვილისთვის. ის ხომ რა საკვირველია შეეცდება, რომ თავის ლიდერის როლის რეალიზაცია მოახდინოს.
მას საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ შეუწყდა, რაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას, პირი ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას.