საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ქ. პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის უფროსთან ფლორანს მანჟენთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების მთელი სპექტრი, მათ შორის საქართველოს ინტეგრაციის საკითხი ევროკავშირსა და NATO-ში, რეგიონში არსებული მდგომარეობა, საქართველო-რუსეთის ურთიერთებებისა და ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის საკითხი და ამასთან დაკავშირებით, საქართველოს შესაძლებლობები, როგორ ხიდისა - ირანთან ურთიერთობებში.
ფლორანს მანჟენმა საუბრისას განაცხადა, რომ დღეს ორ ქვეყანას შორის არის შესანიშნავი ურთიერთობა, რასაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიზიტები, რაც უახლოესი პერიოდისთვისაა დაგეგმილი. მისი თქმით, საფრანგეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების პროცესს, რაც ქვეყანას ევროკავშირისა და ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს. მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთისთვის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონში. რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების განხილვისას კი განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქარველოს პრაგმატულ, რაციონალურ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო არის ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატის უპირობო ლიდერი. თედო ჯაფარიძემ ფლორანს მანჟენს წარუგდინა თავისი ინიციატივები აღნიშნული ფორმატის შემდგომი განვითარებისთვის, რომელშიც დიდი როლი ენიჭება საპარლამენტო დიალოგსა და პარლამენტებს შორის ურთიერთობას.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების პროცესი ხელს უწყობს ინსტიტუციონალური დემოკრატიის მშენებლობას საქართველოში. მან ასევე მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს კონკრეტული მხარდაჭერისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცების საკითხში, და ამ მხრივ განსაკუთრებით აღნიშნა საფრანგეთის წვლილი საჩხერეში სამთო მსროლელების მომზადების სკოლის ფუნქციონირებისა და საქართველოსთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოწოდების საკითხში.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის უფროსმა ფლორანს მანჟენმა საუბრის დასასრულს განაცხადა, რომ მიმდინარე წელს გეგმავს ვიზიტს საქართველოში.
ხვალ, 8 მარტს თედო ჯაფარიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომის მუშაობაში, რომელიც ასევე გაიმართება ქ. პარიზში.