„ჩვენთან არ არის ცხელი ომი, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოების საკითხები პირდაპირ დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან, ამიტომ დღეს არის მომენტი, როდესაც პარტიებმა მორატორიუმი უნდა გამოაცხადონ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა.
„ერთიანობისთვის არსებობს ორი გზა - შეთანხმება და კონსოლიდაცია კონსტიტუციური ორგანოების ირგვლივ. დღეს მთელი საკითხი დემოკრატიას უნდა მივანდოთ, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ გვყავს არჩეული პარლამენტი, არჩეული მთავრობა და უნდა მოხდეს კონსოლიდირება სწორედ კონსტიტუციური ორგანოების გარშემო და როდესაც შეეხება ქვეყნის ქმედებებს, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ეს არის მტავრობის პრეროგატივა რომ განახორციელოს შიდა თუ გარე პოლიტიკა. ამიტომ ყველა ძალა, რაც არ უნდა არ ეთანხმებოდეს, მათ შორის ჩვენი ოპონენტები, ვფიქრობ ამ ინტერესიდან გამომდინარე უნდა კონსოლიდირდეს საქართველოს პარლამენტის თუ საქართველოს მთავრობის გარშემო. 2008 წელს როდესაც ვიხსენებ, იქ იყო მაშინდელი ხელისუფლების მკვეთრი ოპონენტები, რომლებიც ომის დროს თქვეს, რომ ისინი კრიტიკასთან დაკავშირებით მორატორიუმს აცხადებენ და კონსოლიდირდებიან საქართველოს ხელისუფლების გარშემო, ვინაიდან ეს არის პერიოდი, რომელიც ქვეყანამ ერთად უნდა გადალახოს. ჩვენთან არ არის ცხელი ომი, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოების საკითხები პირდაპირ დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან, ამიტომ დღეს არის მომენტი, როდესაც პარტიებმა მორატორიუმი უნდა გამოაცხადონ და უნდა კონსოლიდირდეს საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს მთავრობის გარეშემო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.