საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განმარტა რა პროცედურების გავლა მოუწევს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
„შემდგომ ეტაპზე ევროკომისია ჩვენ გამოგვიგზავნის კითხვარს. ეს კითხვარი არის საკმაოდ მოცულობითია, რამდენიმე ათასი კითხვისგან შედგება. ამ კითხვარის შევსებისთვის ჩვენ მოგვეცემა გარკვეული ვადა, დაახლოებით 3 თვე. ამ პერიოდში ჩვენ ამ კითხვარზე უდნა გავცეთ ამომწურავი პასუხი, შემდეგ დავუბრუნებთ ევროკომისიას. ევროკომისია შეაფასებს ამ კითხვარის მიხედვით, რამდენად მზად არის ქვეყანა მიიღოს წევრობის კანდიდატის სტატუსი და მიიღებს გადაწყვეტილებას ამ სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. შემდეგ გახსნის მოლაპარაკების ჩარჩოებს, როგორც კანდიდატ ქვეყანასთან. ეს შესაძლოა გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი. სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში არის სხვადასხვა ვადა. წინა ქვეყნების გამოცდილებით, რომლებიც ევროკავშირის წევრები გახდნენ, შეიძლება 1 წელიც იყოს, ან შეიძლება მეტიც, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის თავად ქვეყანაზე დამოკიდებული, რამდენად წარმატებულად გავართმევთ თავს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.