„ყველა ხელისუფლების ძირითადი დამსახურება არის კრიზისულ სიტუაციებში კარგი მართვა. საქართველოს ხელისუფლებამ რამდენჯერმე აჩვენა კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავების ძალიან მაღალი დონე. პრემიერის ხელმძღვანელობით შარშან ჩვენ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვქონდა, როცა ძალიან ბევრი ადამიანი ამას არ ელოდებოდა“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ გავხსენით ეკონომიკა, მივიღეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ახლაც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით არსებობს მაღალი კოორდინაცია ყველა იმ აქტორს შორის, რომელსაც შეიძლება რაიმე გავლენა ჰქონდეს ლარის კურსზე ან ძირითად ეკონომიკურ პროცესებზე. ამიტომ მაღალი დონის კოორდინაცია, დისციპლინა ფისკალურ და ეკონომიკურ საკითხებში დღეს ასევე მაღალ დონეზეა. გუშინაც იყო შეხვედრა და ეს რეგულარული კოორდინაცია ძირითად აქტორებს შორის მოგვცემს საშუალებას, რომ ვმართოთ პროცესები, დავაცხროთ პანიკა. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ პანიკის შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ფუჭად ვზარალდებით. ჯერჯერობით ჩვენი ეკონომიკის ყველა მაჩვენებელი არის ჯანსაღი და მყარი და ამავე დროს გვაქვს მნიშვნელოვანი სავალუტო რეზერვები იმისთვის, რომ არსებული გამოწვევები დავძლიოთ და შევინარჩუნოთ სტაბილურობა. რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზებს, ეკონომიკური გუნდი ამაზეც არის დარაზმული. ჩვენ გვესმის, რომ რეგიონში შექმნილი ეკონომიკური პრობლემები შეიძლება უარყოფითად აისახოს ჩვენს ეკონომიკაზე, მაგრამ ამას ვუპასუხებთ მაკომპენსირებელი ღონისძიებებით და ამაში ჩვენ მარტო არ ვართ. ჩვენთან ერთად არიან საერთაშორისო საფინანსო პარტნიორები და შეჯერებული გვაქვს პოლიტიკა, ღონისძიებები და საპასუხო ნაბიჯები, რომლითაც უარყოფითი გავლენების კომპენსირება უნდა შევძლოთ“, - აცხადებს დავითაშვილი.