„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მხარე არის ჩვენი სიმართლის კიდევ ერთხელ გამტკიცება კიდევ ერთ საერთაშორისო სასამართლოში. გახსოვთ, რომ შარშან სტრასბურგის სასამართლომაც მიიღო ანალოგიური გადაწყვეტილება, ოღონდ იქ, უშუალოდ ადამიანის უფლებების დარღვევაზე იყო და ამ ყველაფერში რუსეთი დაადანაშაულა, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო და შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ ოფიციალურად აღიარა ოკუპაცია.
ეს არის ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სასამართლო, რომელიც უკვე სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს, მათ შორის ომის დანაშაულებს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს და ამ შემთხვევაშიც, როდესაც ჰააგის სასამართლო გამოდის ასეთი გადაწყვეტილებით, რომ დაკავების ორდერი გასცეს, ეს რა თქმა უნდა ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებს. ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ გამოძიებაში და ეხმარებოდა საერთაშორისო გამომძიებელთა ჯგუფს, მინდა მადლობა გადავუხადო. ეს საქმეები შემდგომში ძალიან დაგვეხმარება იმაში, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ჰააგის სასამართლოს მიერ, ოკუპირებული ცხინვალის სამ „მაღალჩინოსანზე“ დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.