„ჩვენ ვგეგმავდით, რომ 2024 წელს შეგვეტანა განაცხადი ევროკავშირში, როდესაც ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 2/3 შესრულებული გვექნებოდა. თუმცა არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ეს განაცხადი შეგვეტანა დაჩქარებულად“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„მთავარია, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ განაცხადის შეფასება მიანდოს ევროკომისიას. ეს არის სტანდარტული პროცედურა და წინა გაფართოებების დროსაც ყველამ გაიარა ეს პროცედურა. ილუზიებში რომ არ ვიცხოვროთ და საზოგადოებას ფუჭი მოლოდინები არ გავუჩინოთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის მარტივი და ხანმოკლე პროცესი. ამას მინიმუმ სჭირდება 6 თვე, თუმცა შეიძლება დასჭირდეს 1 წელი ან მეტიც. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, დაველოდოთ ევროკომისიას, რომელიც გამოაგზავნის ძალიან ვრცელ კითხვარს. ამ კითხვარში იქნება ცხოვრების ყველა სფერო და უნდა გავცეთ პასუხები. ევროკომისია შემდეგ შეაფასებს ამას და გაუწევს ან არ გაუწევს რეკომენდაციას ამა თუ იმ ქვეყანას. რეკომენდაციის გაწევის შემთხვევაში ევროკომისია ისევ მიმართავს ევროპულ საბჭოს და 27-ვე ქვეყანამ ისეთ ერთხმად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მინდა გითხრათ, რომ დაჩქარებული პროცედურა არ არსებობს. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან ერთ კალათში და სამივე ქვეყანას ზუსტად ერთნაირი მიდგომით შეაფასებენ. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ იქნება კიდევ უფრო რთული პროცესი - მოლაპარაკებები და ამასაც რამდენიმე წელი დასჭირდება. ეს დამოკიდებულია თითოეულ ქვეყანაზე, თუ რამდენად სწრაფად დაუახლოვდება ის ევროპულ სტანდარტებს და კრიტერიუმებს, თუმცა ეს საკმაოდ რთული გზა არის“, - აცხადებს სამხარაძე.